სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკავებულთა დაცვის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს

2011-05-30 15:40
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისმა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული, დაცვის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. საიას ოზურგეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა 26 მაისის აქციის მონაწილემ, ნუგზარ ბურჭულაძემ, რომელიც ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაბარებული იყო მოწმის სტატუსით. პოლიციაში გამოცხადების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა საიას ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკითხვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას ადვოკატმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ იმერლიშვილის სახელზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. ამის საპასუხოდ, საიას ადვოკატს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა სიტყვიერად განუმარტა, რომ ბურჭულაძეს ადვოკატის მომსახურება არ სურდა, თუმცა, საიას ადვოკატს არ მიეცა საშუალება პირადად მოენახულებინა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და დაედასტურებინა ეს ფაქტი. 

საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტით მოხდა ბურჭულაძისთვის დაცვის უფლების შეზღუდვა.  მოვითხოვთ, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.