სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასება

2015-07-09 14:11
Featured image
2015 წლის 9 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა  საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით. 
 
საიას მიერ მომზადებულმა ანგარიშმა გამოავლინა შემდეგი:
 
ხარვეზებით წარიმართა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობა;
საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობა ვერ პასუხობს დასახულ მიზანს, ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, ჯგუფის წევრთა პროცესში ჩართულობა მხოლოდ მოჩვენებითი და ფასადურია; 
გარკვეული ხარვეზები არსებობს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების, ასევე სათანადო ინდიკატორების კუთხით; 
  • რიგ შემთხვევაში ვერ ხდება განსაზღვრულ ღონისძიებასა და შერჩეულ ინდიკატორს შორის კავშირის დადგენა, ხოლო პროგრესზე ორიენტირებული ინდიკატორები, რომელთა მიზანია  მიღწეული წარმატების გაზომვა, თითქმის არ გვხვდება გეგმაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ანგარიშის შესრულების შეფასების შესაძლებლობას. 
  • არ არსებობს ხარისხობრივი კრიტერიუმების (საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადი/თემატური მოხსენებები და რეკომენდაციები) მიწოდებისა და ასახვის წესი, რაც საბჭოსა და სამდივნოს მხრიდან მათ უგულებელყოფას იწვევს და, შედეგად, ისინი ანგარიშშიც არ აისახება.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის ყოველწლიური ანგარიში არ წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს, როგორადაც ის მოაზრებულია მთავრობის დადგენილების თანახმად.
  • ანგარიში სრულყოფილად არ ასახავს საანგარიშო პერიოდში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. რიგ შემთხვევებში ძნელი დასადგენია, თუ რა ეტაპზეა გეგმით გათვალისწინებული ამოცანის შესრულება; 
  • ცალკეულ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა მოცემული ანგარიშსა და პასუხისმგებელ უწყებათა მიერ მოწოდებულ კორესპონდენციებში, რაც, თავის მხრივ, მათ შორის სათანადო კოორდინაციის ნაკლებობაზე მეტყველებს;
  • ანგარიშში არაფერია ნათქვამი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების, დაბრკოლებებისა თუ ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ, რომელთა აღმოფხვრა სამომავლოდ, შესაძლებელია, დამატებით ძალისხმევას საჭიროებდეს.
საია მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და დაინტერესებულ საზოგადოებას დაკვირვების შედეგებს გააცნობას.