სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 41 959 მოქალაქე უკანონოდ დააჯარიმა

2007-09-10 20:00
Featured image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “2007 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღებისთვის 41 959 მოქალაქე დაჯარიმდა.” სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა 16 წლის შესრულებიდან 6 თვის ვადაში აიღოს და ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი 5 ლარით ჯარიმდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მიაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უკანონოდ ხდება პირადობის მოწმობის აღების დაგვიანებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა დაჯარიმება.

საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლაც 16 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე დროს, აღნიშნულ კანონში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის აღნიშნული რა ვადაში უნდა გაიაროს მოქალაქემ რეგისტრაცია და აიღოს პირადობის მოწმობა. მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია და 6 თვეზე მეტი ვადით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ეკისრება ვალდებულება მიმართოს რეესტრის ტერიტორიულ ორგანოს და დარეგისტრირდეს ახალ მისამართზე (კანონის მე-4 მუხლი). მაგრამ აღნიშნული ვადა ეხება უკვე რეგისტრირებული პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და მისი ანალოგიის წესით პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღების შემთხვევებზე გავრცელება უკანონოა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას (ჯარიმა 5 ლარი) – საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრებისათვის. მართალია, ზემოაღნიშნული კანონი (მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ) ითვალისწინებს 16 წელს მიღწეული მოქალაქისთვის პირადობის მოწმობის აღების ვალდებულებას, მაგრამ კანონი მოქალაქეს ჯარიმის დაკისრებამდე ვადას არ უდგენს და მოცემული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეები არ უნდა დაჯარიმდნენ ზემოაღნიშნული 185-ე მუხლის მიხედვით.

საიას მიაჩნია, რომ სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკანონოდ დააკისრა მოქალაქეებს ჯარიმა და მოუწოდებს ეროვნულ სააგენტოს ბათილად ცნოს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები და დაუბრუნოს მოქალაქეებს გადახდილი თანხები. ასოციაცია მზად არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც დაჯარიმდნენ პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღებისათვის.