სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას ორი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2016-09-30 19:23
Featured image

2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საიას ორ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თავდაცვის მინისტრის ის ბრძანება, რაც ითვალისწინებდა სახმელეთო ჯარების და სამხედრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში დაუსაბუთებლად გადაყვანას, რასაც 4 თვის გასვლის შემდეგ აღნიშნული მოსამსახურის გათავისუფლება მოყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი (სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება).

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა საიას სარჩელი და გააუქმა თევზჭერის რეგულირების საფასური, რაც დადგენილი იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით. გაუქმებული ნორმა ითვალისწინებდა რეგულირების საფასურის გამოანგარიშებას სამინისტროს მიერ წინასწარ დამტკიცებული კვოტიდან და არა კომპანიის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული თევზის ოდენობიდან, რაც შესაძლოა წინასწარ დამტკიცებულ კვოტაზე ნაკლები ყოფილიყო. ამ პრინციპით გამოითვლება კომპანიის მიერ გადასახდელი მოსაკრებელი, რაც ასევე იყო ამ სარჩელით გასაჩივრებული. სასამართლომ გააუქმა რეგულირების საფასური, თუმცა ძალაში დატოვა კომპანიის მიერ გადასახდელი მოსაკრებელი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი რეგულირების საფასური არღვევდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს (საკუთრების უფლება) და 30-ე მუხლის მეორე პუნქტს (თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება).