სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახალხო დამცველისა და საიას ერთობლივი მონიტორინგი #9 დაწესებულებაში

2013-06-12 11:54
Featured image
2013 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მონიტორინგი განახორციელეს N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც განთავსებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები და მაღალჩინოსნები.
 
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა პატიმრის განცხადებით, მათ მიმართ მოპყრობა ნორმალურია. მათივე თქმით, დაწესებულების ადმინისტრაცია და თანამშრომლები, შეძლებისდაგვარად, ყველა მათ კანონიერ თხოვნას ითვალისწინებენ. ამასთან, მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორით. ამ უფლებით მხოლოდ რამდენიმე პატიმარი, მათ შორის, ბაჩანა ახალაია, სარგებლობს. ტელევიზორი, პრაქტიკულად, ძირითადი საკითხი აღმოჩნდა, რაზეც დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
 
„პატიმრობის კოდექსის“ მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელე-ტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.“ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისაგან.“ 
 
ამჟამად ტელევიზორის ქონა ყველა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია დაშვებული. გამონაკლისია N9 დაწესებულება, რაც აღნიშნულ აკრძალვას დისკრიმინაციულ ხასიათს ანიჭებს. 
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აღნიშნულ პრობლემას დროულად გადაწყვეტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოგვაწვდის ინფორმაციას, რა საფუძვლით არ ეძლევათ N9 დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ტელევიზორით სარგებლობის უფლება. 
 
მონიტორინგის დროს ასევე აღმოჩნდა, რომ N9 დაწესებულების აბანოს გასახდელში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა, რაც ხელყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირად ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისაც ხელი მიუწვდება ამგვარ ჩანაწერებზე, ასევე, ამ უკანასკნელთა შენახვის პირობები და ვადა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.