სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება და დისციპლინური პასუხისმგებლობა თვითმმართველ ქალაქებში

2016-12-07 16:26
Featured image

კვლევის მიზანია საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, მცხეთა, ფოთი, რუსთავი, გორი, ამბროლაური, ახალციხე)  საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2015 წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკის ანალიზი. კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო სამსახურის სტაბილურობის შეფასების მიზნით.

კვლევის პროცესში დამუშავდა თვითმმართველი ქალაქების მერიებიდან და საკრებულოებიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო მოხელის გათავისუფლების საფუძვლებისა და გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობის, ასევე საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სახეების, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და დისციპლინური წარმოების პროცესის თაობაზე.

კვლევა წარმოადგენს რეკომენდაციებს თვითმმართველ ქალაქებში საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესისა და საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

- 2015 წლის განმავლობაში 12 თვითმმართველი ქალაქიდან გათავისუფლდა სულ 759 საჯარო მოხელე; თვითმმართველი ქალაქების მერიებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა (708) მნიშვნელოვნად აღემატება თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობას (51);

 

- 2015 წლის განმავლობაში თვითმმართველი ქალაქებიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სულ 272 საჯარო მოხელე; თვითმმართველი ქალაქების მერიებიდან საკუთარი ინიციატვითი, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა (254) მნიშვნელოვნად აღემატება საკრებულებიდან საკუთარი ინიციატივით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობას (18);

 

- 2015 წლის განმავლობაში თვითმმართველ ქალაქებში დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის საფუძვლით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა (72) მნიშვნელოვნად აღემატება დისციპლინური გადაცდომის დაკისრების საფუძვლით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რიცხვს (13);

 

- 2015 წლის განმავლობაში 12 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა სულ 64 დისციპლინური წარმოება. თვითმმართველი ქალაქების მერიებში ჩატარებული დისციპლინური წარმოებების რაოდენობა (57) მნიშვნელოვნად აღემატება საკრებულოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებათა რიცხვს (7);

 

- 2015 წლის განმავლობაში 12 თვითმმართველ ქალაქში დისციპლინური წარმოება მმართველ პოზიციაზე მყოფი საჯარო მოხელეების მიმართ უფრო იშვიათად განხორციელდა (7) ვიდრე დაქვემდებარებულ პოზიციაზე მყოფი საჯარო მოხელეების შემთხვევაში (57);

 

- 2015 წლის განმავლობაში, თვითმმართველ ქალაქებში საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლები იყო: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება - 53 შემთხვევაში; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული - 2 შემთხვევაში; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი - 9 შემთხვევაში.

 

 

- 2015 წლის განმავლობაში, თვითმმართველ ქალაქებში საჯარო მოხელეების მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) შენიშვნა - 11; ბ) გაფრთხილება - 33; გ) ხელფასის დაკავება არაუმეტეს 10 დღისა - 3; დ) სამსახურიდან გათავისუფლება - 14 შემთხვევაში;

 

- 2015 წლის განმავლობაში, თვითმმართველ ქალაქებში სულ ჩატარებული 64 დისციპლინური წარმოებიდან, საჯარო მოხელეებმა თავიანთი მოსაზრებები წერილობით ან ზეპირი მოსმენის გზით წარადგინეს 19 შემთხვევაში;

 

- ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში  საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში საჯარო მოხელეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა წერილობით ან ზეპირად წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები;

 

- 2015 წლის განმავლობაში, თვითმმართველი ქალაქების მიერ დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან, გასაჩივრდა თბილისიის მერიის 1 გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა.

 

- 2015 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა თბილისის მერიის 1 გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;

 

თვითმმართველ ქალაქებში დისციპლინური წარმოებისა და სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია დისციპლინური წარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება.

თვითმმართველმა ქალაქებმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ:

- დისციპლინური წარმოების პროცესში, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას იმოქმედოს კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის ხასიათი და უზრუნველყოს გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შესაბამისობა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან;

 

- დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება და თავი შეიკაოს მისი გამოყენებისაგან საჯარო მოხელის მიერ მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის არქონის შემთხვევაში;

თანდართულ დოკუმენტში იხილეთ კვლევის შედეგების ვიზუალიზაცია