სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარების ფარგლებში სტუდია ”მონიტორმა” მეორე საჩივარი წარადგინა ტელეკომპანიების წინააღმდეგ

2011-03-09 15:01
Featured image

“სტუდია მონიტორი” 2009-2010 წლის განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს, ტელეკომპანიების “რუსთავი 2” და “იმედის” მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების, დაცვაზე. რის შედეგადაც, გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. შედეგად, კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის წესების დარღვევისათვის.

2011 წლის 7 მარტს “სტუდია მონიტორმა” განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

კანონის თანახმად კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა “ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.”

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დავალებული აქვს სისტემატიური მონიტორინგის განხორციელება ლიცენზიის მფლობელების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოთხოვნების დაცვაზე, სტუდია “მონიტორმა” კვლავ განაგრძო მონიტორინგის განხორციელება და გამოავლინა ლიცენზიის მფლობელების მხრიდან რეკლამირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები.

შესაბამისად, მეორეჯერ აღნიშნული დარღვევის სანქიცებისათვის კვლავ მიმართა კომისიას. ამჯერად დარღვევის საფუძველი გახდა:

1.    ლიცენზიის მფლობელების მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტის შესახებ;
2.    საქართველოს კანონის “მაუწყებლობის შესახებ” 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით;
3.    საქართველოს კანონის “მაუწყებლობის შესახებ” 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა.
ამჯერად, საჩივრის ავტორი დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ითხოვს ტელეკომპანიებს სანქციის სახით დაეკისროთ ჯარიმის გადახდა, რაც კანონით შეადგენს ტელეკომპანიის წლიური შემოსავლის 0.5%, თუმცა დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს 2500 ლარზე ნაკლები.

საქართველოს კომინიკაციების ეროვნული კომისიის მიერ აღნიშნული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ერთი თვის ვადაში.