სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს

2011-05-28 16:52
Featured image
საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დარბევის დროს ჟურნალისტთა მიმართ გამოვლენილი უკანონობისა და ძალადობის ფაქტების განხორციელებას, რადგან საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების თანახმად, ჟურნალისტური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება პატივისცემით უნდა სარგებლობდეს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში, რადგან ამგვარ სიტუაციებში საზოგადოებრივ საქმეებზე ინფორმირებულობა საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.

”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად: "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე ცნობების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით.”

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება, მათი კუთვნილი ვიდეო და ფოტო კამერების წართმევა და დაზიანება, გადაღებული მასალების წაშლა, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.”

იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან აქციის მონაწილენი და ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, ძალადობის განხორციელება და მოპოვებული მასალის (მათ შორის ვიდეო კამერების) წართმევა, უნდა შეფასდეს, როგორც პოლიციის მიერ ჟურნალისტის იძულება თავი შეიკავოს მის მიერ მოპოვებული მასალის გავრცელებისაგან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს ხდებოდა ძალადობის გზით.

ამგვარი ქმედებებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საზოგადოებას არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია 26 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ჩვენი მონაცემებით, დაზარალებულია 11 ჟურნალისტი, აქედან ორს ესროლეს რეზინის ტყვიები და აღენიშნება დაზიანებები, ერთი მოწამლულია. ჟურნალისტებს ჩამოართვეს 2 ვიდეოკამერა და 2 მობილური ტელეფონი, რომლითაც ახორციელებდნენ ჩაწერას,  დაუზიანეს ძვირადღირებული ფოტოაპარატი, გაუნადგურეს  და  წაართვეს გადაღებული  ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა.

ევროსაბჭოს რეკომენდაცია ”კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში ჟურნალისტების დაცვის შესახებ” ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოებს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში გამოიძიონ ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე თავდასხმის ფაქტები. ასევე, ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა პასუხი აგებინონ იმათ, ვინც ამგვარი ქმედებები ჩაიდინა.

აქედან გამომდინარე, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მოითხოვს:
1.    დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოსავლენად;
2.    სახელმწიფომ მოახდინოს ჟურნალისტებისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მათ მიდგათ პოლიციელების მიერ ვიდეო და ფოტო კამერების წართმევისა თუ დაზიანების შედეგად.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე სასამართლოს წინაშე.