სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას წინადადებები საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით (2017-2018 წწ)

2017-02-16 11:14
Featured image

საია ჩართულია „საქართველოს ღია პარლამენტის“ საკონსულტაციო ჯგუფში, რომელიც ამჟამად საქართველოს ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმას ამუშავებს.

2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტი შეუერთდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივას, რაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, საკანონმდებლო პროცესში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და  მოქალაქეთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის  გაფორმდა მემორანდუმი, რაც გულისხმობს თანამშრომლობასა და ეფექტურ კომუნიკაციას საპარლამენტო გამჭვირვალობის მიზნით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია და აქტიურად მონაწილეობს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და აღსრულების პროცესში.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად ამუშავებს მეორე სამოქმედო გეგმას. 2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა წინადადებები, რომელთა ასახვა მნიშვნელოვანია 2017-2018 წწ სამოქმედო  გეგმაში. საიას წინადადებები შეეხება შემდეგ საკითხებს:

ა) კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება და მიღება;

ბ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის რეგულაციის დახვეწა და გაუმჯობესება;

გ) კანონპროექტის კომენტარების დამუშავება და პარლამენტის წევრებისათვის მიწოდება; პარლამენტის მიერ კომენტარებზე უკუკავშირის უზრუნველყოფა;

დ) საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გაუმჯობესება და მათი გამჭვირვალობის გაზრდა;

ე) საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების პორტალის შექმნა, პორტალის კონცეფციის შემუშავება და ინფორმაციის განთავსება;

ვ)საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლების ანგარიშების მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებ-გვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ოქმის მომზადება და გამოქვეყნება;

ზ) საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციის გონივრულ ვადაში გამოქვეყნება,  შესაბამისი კომიტეტის სხდომის ოქმის მომზადება და გამოქვეყნება.

საქართველოს პარლამენტის მიერ საიას წარდგენილი წინადადებების გათვალისწინება უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების გაზრდას, ასევე ღია მმართველობის ძირითადი პრინციპების ეფექტურ იმპლემენტაციას.

საია აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ღია პარლმენტის პირველი სამოქმედო გეგმის (2015-2016 წწ) შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული პირველი სამოქმედო გეგმით (2015-2016 წწ) აღებული 18 ვალდებულებიდან, სრულად შესრულდა მხოლოდ 4 ვალდებულება, 7 ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, ხოლო 7 ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. საიას მიერ წინა სამოქმედო გეგმაში შეთავაზებული ინიციატივა, კანონშემოქმედებით პროცესში კონსულტაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების თაობაზე  დღემდე შეუსრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს.

თანდართულ ფაილში წარმოდგენილია საიას წინადადებების დეტალური შინაარსი და მისი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები.