სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები

2015-11-03 11:21
Featured image

 

1. საიას დახმარებით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა
საიას დახმარებით მოქალაქე ნ.ს.-ს სარჩელი, რომელიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციის განხილვის საგანი იყო, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებულ იქნა ნ.ს.-ს საავტორო უფლებები სატელევიზიო გადაცემაზე და სატელევიზიო ლიცენზიატს აეკრძალა გადაცემის გამოყენება ნ.ს-სთან შეთანხმების გარეშე, ასევე მასვე დაეკისრა ნ.ს-ს სასარგებლოდ 15 000 ლარის  ანაზღაურება. 
 
2. საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით უკრაინის მოქალაქემ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით სარგებლობა შეძლო
საიას ოზურგეთის ოფისის ადვოკატი იცავდა უკრაინის მოქალაქე ვ.გ.-ს ინტერესებს, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა  დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით. უარის მიზეზად კი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ შემოსავლების დათვლის სირთლე სახელდებოდა. ეს გადაწყვეტილება საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა მოთხოვნა.  
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად შეიცვალა შემოსავლების სამსახურის ერთიანი არასწორი მიდგომა. 
 
3. საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჯარიმისგან გათავისუფლდნენ
საიას ოზურგეთის ოფისის ადვოკატი იცავდა დ.მ.-ს, ი.მ-ს და ბ.ქ.-ს ინტერესებს, რომლებსაც დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის. გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად, ისინი  გათავისუფლდნენ ჯარიმის სახით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეეფარდათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა. 
 
4. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმე შეწყვიტა
საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა საქართველოს მოქალაქის ზ.ზ.-ს ინტერესებს. იგი პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და მოსთხოვეს პირადობისა და მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მომმართველმა კი შსს თანამშრომლებს მოთხოვა სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რამაც პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია და იგი ადიმინისტრაციული წესით დააკავეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა, საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლის მოთხოვნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსით გათვალიწინებული ქმედების განხორციელებას და ბენეფიციარის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.
5. საიას ქუთაისის ოფისის დახმარებით მოქალაქე აღადგინეს სამუშაო ადგილზე
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ი.გ.-ს ინტერესებს, რომელიც  ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1 ივნისის  ბრძანებით გათავისუფლდა ა(ა)იპ ქ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის თანამდებობიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ი.გ.-ს  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მერიას ი.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თვეში 4800 ლარის ოდენობით.
 
6. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით გამოცემული იქნა დამცავი ორდერი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, ნ.კ.-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ  სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 თვის ვადით. 
 
7. საიას თელავის ოფისის დახმარებით მოქალაქემ  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო
საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით მოქალაქეს  მ.კ-ს, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარი ეთქვა  დაკარგული ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. აღიარებითი სარჩელის წარდგენის შედეგად, სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, დაადგინა სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი და მას მიეცა საშუალება მიიღოს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. 
8. საიას დახმარებით კიდევ ერთი არასრულწლოვანის ინტერესები იქნა დაცული
საიას თბილისის ოფისი იცავდა არასრულწლოვანის ინტერესებს, რომლის უფლებებიც ილახებოდა მშობლის (მამის) მიერ. საიას ადვოკატის დახმარებით არასრულწლოვნის მამას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თანხმობის მიცემის, ბავშვის კუთვნილი ავტომობილის გასხვისებისა და მარჩენალდაკარგულის პენსიის მიღების ნაწილში.