სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით

2015-06-07 10:31
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თბილისის საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით.

2015 წლის 05 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის უმთავრესი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა. 

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული. ამასთან, ბრალდების მხარის უმთავრესი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, სასამართლომ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბრალდების დასაბუთებულობა და უტყუარობა, რაზეც დაცვის მხარე აღნიშნული პირების დაკავების მომენტიდან აღნიშნავდა. 

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე საია იცავს ერთ-ერთ ბრალდებულს - გიორგი ლობჟანიძეს. საიას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ე.წ. “კაბელების საქმზე” დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინაღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. 

ამასთან მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე აღნიშნული პირების პატიმრობაში ყოფნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნის აბსოლუტური აუცილებლობა, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები.

ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.