სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება პროკურატურის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების შესახებ

2013-01-16 02:07
Featured image

საია მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 14 იანვარს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალის გავრცელების ფაქტს ეხმიანება. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები აგროვებდნენ ინფორმაციას (მათ შორის, განზრახ ახდენდნენ მათი სექსუალური ცხოვრების ფარულ ვიდეო გადაღებას) სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, რის შემდეგადაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. 

 
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის ჩაწერა, შეგროვება და შენახვა, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, აშკარად გაუმართლებელი და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა. ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ამ ჩანაწერთა გამოყენებით პირთა იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს გარკვეული მოქმედებები.  შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავს ქმედებებს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და სავარაუდოდ ხდებოდა მაღალი თანამდებობის პირის ორგანიზებით.
 
ზემოაღნიშნულ განცხადებასთან ერთად მედია საშუალებებით გავრცელდა პროკურატურის მიერ მიწოდებული ფარული ჩანაწერების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც ცალკეულ მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირის კადრებს ასახავს. ვიდეო მასალაში გამოყენებულია გადაფარვის საშუალებები ვინაობის გამჟღავნებისგან პირთა დაცვის მიზნით. თუმცა, ზოგიერთ კადრში შესაძლებელი ხდება პირთა იდენტიფიცირება მათ შორის, თმის ფერის, ტანსაცმლის, აღნაგობის მეშვეობით.  საიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვიდეო მასალის ამ ფორმით გავრცელება, პირადი ცხოვრების დაცვისთვის აუცილებელი წინდახედულობის მოთხოვნის დარღვევაა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან. საიას შეფასებით, მიმდინარე გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინტიმურ პირად ცხოვრებას მიკუთვნებული ინფორმაციის გავრცელება არ იყო პროპორციული საშუალება ამ ინტერესის დაკმაყოფილებისთვის. აღნიშნული ვიდეო მასალის, როგორც მტკიცებულების გავრცელება არ იყო ყველაზე რელევანტური/გამოსადეგი საშუალება საზოგადოებისთვის გამოსაძიებელ ქმედებაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის ჩვენებისთვის და ის სხვა ფორმითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო. საია უთითებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლგბთ პირთა ჯგუფი მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებობს აშკარად გამოხატული არატოლერანტული დამოკიდებულებები, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს მათი უფლებების დაცვის მიზნით და ყველაფერი გააკეთოს სექსუალური უმცირესობების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებების პრევენციისთვის.     
 
ამას გარდა უნდა აღინიშნოს, რომ მედია საშუალებების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფორმით გავრცელება, არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, რომელიც მედია საშუალებებს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას პირის პირადი ცხოვრება და მოახდინოს შესაძლო დისკრიმინაციის წახალისების პრევენცია. 
 
საიას მოუწოდებს მედია საშუალებებს შეაჩერონ აღნიშნული ვიდეო მასალის გავრცელდება და მომავალში არ დაუშვან მსგავსი ფორმით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელება საზოგადოებაში. ამასთან, საია მოუწოდებს გამოძიებას მომავალში განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდოს იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც შესაძლოა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ან სხვა უფლების დარღვევას იწვევდეს. 
 
იმ პირებს, რომელთა იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი გავრცელებული ვიდეო მასალით, შეუძლიათ სახელმწიფოსგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და მათი ინტერესის შემთხვევაში (ანონიმურობის სრული დაცვით) საია გამოთქვამს მზადყოფნას, მათ  შესაბამისი იურიდიული მომსახურება აღმოუჩინოს.