სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით

2014-03-26 08:45
Featured image
მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირის ჩვენების მისაცემად დაბარებას  შესაძლოა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ასპექტები ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი შეფასებებით შემოიფარგლება.
 
ცხადია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებაში კანონი არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის. კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ სწრაფვა მოითხოვს, რომ გამონაკლისები პრაქტიკაშიც გამოირიცხოს. პროკურატურას ევალება როგორც ყოფილი, ისე მოქმედი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, არაერთ საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვას გეგმავს, საიას წარსულშიც აღუნიშნავს მათი მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების საჭიროების შესახებ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები სრულად შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ ტოვებდეს პოლიტიკური მიკერძოების აღქმასაც კი.
 
როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვას 10 სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით გეგმავს. ამასთან კანონით არ არის დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვა, თუ  რამდენ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება მოწმის ერთდროულად დაკითხვა. იმ საქმეებს შორის, რომლებზეც ყოფილ პრეზიდენტს დაკითხავენ, არის სანდრო გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულ პირთა შეწყალების, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმების ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული საქმეები. 
 
მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება წარსულში არაერთხელ გამხდარა საიას კრიტიკის საგანი. ამის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუცია არც პროცედურულ, არც მატერიალურ-სამართლებრივ შეზღუდვებს არ უწესებს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოსაყენებლად. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალება (თუ ეს არ უკავშირდება რაიმე დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენას) არ შეიძლება წარმოადგენდეს საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანს, ვინაიდან ამ საკითხის სათანადოდ შესწავლას რაიმე ტიპის დანაშაულის გამოვლენასთან არ მივყავართ.
 
ზურაბ ჟვანიას საქმეზე გავცელებულ განცხადებაში საია აღნიშნავდა, რომ გამოძიება უნდა წარმართულიყო მაღალ პროფესიულ დონეზე, საქმის პოლიტიზების, პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირებისაგან თავისუფალ გარემოში, გამოძიების უახლოეს დღეებში დასრულების მრავალჯერადად დაანონსების გარეშე. ასოციაცია ასევე გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების სათანადოდ მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სვამდა ლეგიტიმურ შეკითხვებს ცალკეულ გარემოებებთან მიმართებაში.
 
საქართველოსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გავრცელებულ განცხადებაში საია მიუთითებდა, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაძლოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სავარუდო დანაშაულის ჩადენის  ფაქტი იკვეთებოდეს, რისი შესწავლაც სამართალდამცავი ორგანოს ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს.
 
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მოწმედ დაბარების პროცედურულ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი მითითებულ დროს არ გამოცხადდება მთავარ პროკურატურაში, გამომძიებლის შუამდგომლობით მოსამართლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმის იძულებით მოყვანის თაობაზე. თუ მოყვანა შეუძლებელია მოწმის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამისი გადაწყვეტილება აღუსრულებლად უბრუნდება მის გამომტან მოსამართლეს. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოწმის დაკითხვას, აღნიშნული საკითხი რეგულირდება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ამ საკითხზე საქართველოს ორმხრივი შეთანხმება არ აქვს დადებული კონკრეტულ სახელმწიფოსთან. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოწმის დისტანციური დაკითხვაც, რომლის გამოყენება წინამდებარე შემთხვევაში ასევე შესაძლებელია.
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩნდება კითხვები - ხომ არ ემსახურება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მსგავსი ეჭვების გამოსარიცხად, აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები იყოს არამხოლოდ კანონიერი, არამედ თანმიმდევრული და პრინციპული. მაგალითად, საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას. ი.მერაბიშვილი უთითებდა, რომ მთავარმა პროკურორმა, ო.ფარცხალაძემ მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. თუმცა, კანონის ცალსახა მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა. სამწუხაროდ, სხვა მსგავსი მაგალითებიც არსებობს.
 
საია აქამდეც არაერთხელ უთითებდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა პროკურატურაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულ ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებითაც, საეჭვოდ გამოიყურება პრემიერ-მინისტრის მიერ საქმეების დეტალების შესახებ ინფორმაციის ფლობა, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება ექსპრეზიდენტის დაკითხვა.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, ამ და ყველა სხვა საქმესთან მიმართებაში პროკურატურამ იმოქმედოს თანმიმდევრულად და კანონის სრული დაცვით. ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის სრული გაჯანსაღების მიზნით სათანადო რეფორმების გასატარებლად.