სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები

2014-05-05 11:44
Featured image

საიას თბილისის ოფისის დახმარებით მეწარმეს უკანონოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება _ 77 161.20 ლარი აუნაზღაურდება

საიას თბილისის ოფისი იურიდიულ დახმარებას უწევდა ბ.ქ.-ს. ბ.ქ. წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელსაც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის  საფუძველზე ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი  და საგადასახადო მოთხოვნა  ბათილად იქნა ცნობილი და ბ.ქ.-ს მიეცა უფლება უკან დაებრუნებინა ჩამორთმეული ქონება.  

თუმცა აღმოჩნდა, რომ ბ.ქ.-სათვის ჩამორთმეული ტვირთი დაკარგული იყო. აღნიშნულის გამო ბ.ქ.-მ საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც მითითებული იქნებოდა დაკარგული ტვირთის ღირებულება, რათა ბ.ქ.-ს შესაძლებლობა ჰქონოდა მიეღო დაკარგული ტვირთის ღირებულება შემოსავლების სამსახურისაგან. 

აღნიშნულ მოთხოვნაზე ბ.ქ.-ს თავდაპირველად უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რაც გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში.  უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბ.ქ.-ს საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულება მართლმსაჯულების ნაწილია, რაც ავალდებულებს სასამართლოს გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება. საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებისა და უზენაესი სასამართლოს ზემოთ მითითებული აღნიშნული გაზიარების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ დააკმაყოფილა ბ.ქ.-ს მოთხოვნა და განსაზღვრა დასაბრუნებელი ნივთების ღირებულება 77 161,20 ლარის ოდენობით. 

საია-ს  დახმარებით,  მოქალაქე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო ზიანის  აუნაზღაურებას მიიღებს

საია-ს გორის ოფისი სასამართლოში იცავდა  მ.ბ.-ს  ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის (ქრთამის აღება) ჩადენაში. 

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მ.ბ.-ს  მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. აღნიშნული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ,  გორის ოფისის დახმარებით მ.ბ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დატოვა ზემდგომმა ინსტანციამ, საქართველოს მთავარ პროკურატურას მ.ბ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის  სახით 10 000  ლარის, ხოლო მორალური ზიანის  სახით -1 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.  

საია-ს დახმარებით მოქალაქემ  საკუთრებაში დაიბრუნა საცხოვრებელი ბინა

საია-ს რუსთავის ოფისი სასამართლოში იცავდა ხანდაზმული ვ.ძ.-ს ინტერესებს, რომელმაც  მოქალაქე ნ.ბ.-თან გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ნ.ბ.-მ  აიღო ვალდებულება, რომ ვ.ძ.-ს სიცოცხლის განმავლობაში უზრუნველყოფდა სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისათვის. თავის მხრივ  ნ.ბ.-მ მას საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ბინა.

ნ.ბ.-მ  სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ვ.ძ.-მ საია-ს რუსთავის ოფისის დახმარებით სარჩელით მიმართა  სასამართლოს და მოითხოვა ნ.ბ.-სთან დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ძ–ს სარჩელი და მან საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში უკან დაიბრუნა. 


საია-ს დახმარებით, მოქალაქეებს იძულებითი განაცდური აუნაზღაურდება

საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” პედაგოგს, რომელიც  უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. საიას დახმარებით სასამართლოში დადასტურდა არა მხოლოდ ე.ა.-ს უკანონო გათავისუფლება არამედ, ე.ა.-ის მოთხოვნა  იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. 

საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ასევე ნ.ა.-ს ინტერესებს, რომელიც ა(ა)იპ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში მუშაობდა მთავარი ბუღალტერის მოვალეობის შემსრულებლად. ამავე ორგანიზაციის დირექტორის ბრძანებით ნ. ა. უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან. საიას დახმარებით წინა შემთხვევის მსგავსად, სასამართლოში საკითხის განხილვისას დადასტურდა არა მხოლოდ ნ.ა.-ს უკანონო გათავისუფლება არამედ, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.


საიას  ადვოკატის დახმარებით, მოქალაქემ შეძლო საკუთრების უფლების დაცვა

საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით მ.პ.-მ დავა მოუგო მისი ოჯახის წევრს– ფ.მ.-ს და შედეგად შეძლებს საკუთრების უფლება დაირეგისტრიროს მის წილ საცხოვრებელ ფართზე.   

საია-ს  დახმარებით,  მოქალაქემ  შეძლო  საცხოვრებელი ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

საია-ს აჭარის ფილიალის ადვოკატის დახმარებით ვ.ლ.-ს სარჩელი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და რეესტრს დაევალა საკუთრების უფლების რეგისტრაცია  ვ.ლ-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე. 

 საია–ს დახმარებით, ექიმი შეძლებს თავის სამუშაო გამოცდილების შესახებ ზუსტი მონაცემების დაფიქსირებას 

ზ. ჩ. წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში – ექიმი ქირურგის პოზიციაზე. 2004 წლიდან მისი  ყოველთვიური შრომის ანაზღაურების გამოთვლისას დამსაქმებელი ხელმძღვანეობდა შესრულებული სამუშაოს (ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის) მიხედვით. 2012 წელს ზ.ჩ-მ საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემების დასაზუსტებლად მოითხოვა მის მიერ 2004 წლიდან 2012 წლამდე შესრულებული სამუშაოს (ჩატარებული ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია. მოთხოვნილი ინფორმაცია დამსაქმებელმა დასაქმებულს არ მიაწოდა მიუხედავად იმისა, რომ მას ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნდა. ზ.ჩ-მ, საია–ს აჭარის ფილიალის დახმარებით სარჩელით მიმართა  ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.  სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის   პოზიცია და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, დაავალა საავადმყოფოს ზ.ჩ-სთვის ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.     

საიას დახმარებით ვ.მ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ დავა მოიგო

საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა ვ.მ.–ს. იგი წარმოადგენს ნორიოს საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე ხეხილსანერგე მეურნეობის 0.10 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელიც შეიძინა 2006 წლის 20 ივნისს და დაუზუსტებელი სახით დარეგისტრირებული ჰქონდა  საჯარო რეესტრში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავის სახელზე დაირეგისტრირა თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა და გაყიდა აუქციონის გზით.

საია-ს დახმარებით ვ.მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილობა. 

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლომ კი საქმე კვლავ სააპელაციოში დააბრუნა განსახილველად. მეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა  სააპელაციო საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთზე თვითმმართველობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და ქონების მართვის სააგენტოს წერილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია, ხოლო აუქციონის შედეგების გაუქმების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ  უარი განაცხადა.  

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა ვ.მ-ს საკასაციო საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგებიც. 

საიას თბილისის ოფისის დახმარებით კიდევ ერთი დევნილის სასარგებლოდ საქართველოს    ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარის) გადახდა დაეკისრა

საიას თბილისის ოფისი იცავდა ახალგორიდან დევნილ ნ. პ-ს ინტერესებს. მისი ოჯახი შეყვანილი იყო ახლადაშენებული, რეაბილიტირებული ან შესყიდული საცხოვრებელი ფართების სანაცვლო ფულადი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში და ჩაერიცხა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. თუმცა სანამ მის მიერ თანხის ანგარიშიდან გამოტანა მოხდებოდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩარიცხული თანხა უკან ჩამოაჭრა. 

ნ.პ.-მ სამართლებრივი დავა სამინისტროს წინააღმდეგ 2011 წელს დაიწყო. საბოლოოდ, ხანგრძლივი დავა მის სასარგებლოდ დასრულდა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნ.პ.-ს სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარის) გადახდა დაეკისრა.

საიას თბილისის ოფისის დახმარებით ბენეფიციარმა შეძლო აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ო.ხ.-ს ინტერესებს, რომელიც 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა კანონიერი გზებით ცდილობდა საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით სამოქალაქო საქმეზე  2007 წელს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. 

საბოლოოდ, ხანგრძილივი განხილვების შემდეგ, 2014 წლის აპრილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ო. ხ.-ის საკასაციო მოთხოვნა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისრა 2007 წლის სასამართლო გადაწყვეტილების  კანონმდებლობის შესაბამისად აღსრულება.