სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

2018-12-13 12:02
Featured image

2018 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.

2018 წლის 2 მაისს ზ. ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის „გირჩის“ წევრებთან ერთად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ნარკოტიკის შესაძლო მოხმარების გამო მოქალაქის ძალისმიერი დაკავების პროცესს შეესწრო. აღნიშნულს ზ. ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრების მხრიდან სიტყვიერი პროტესტი მოყვა. ისინი პოლიციელებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის, მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარების გამო პირის დაკავების ფაქტის უარყოფით მხარეებს უხსნიდნენ. პროტესტი ქ. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო და პოლიციის II განყოფილებასთან გაგრძელდა.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, ზ. ჯაფარიძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განიხილეს. სასამართლო დადგენილება მომჩივნის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და როლთან მიმართებით არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ჯაფარიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლოებმა ასევე, არ იმსჯელეს, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეფასდა მომჩივნის ქმედება შეურაცხყოფად და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად. სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთი მომჩივანს დააკისრა, განმარტა რა, რომ მას უნდა ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. გარდა ამისა, სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის გამონათქვამები რამდენად იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

მოცემული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს, აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და სავარაუდო სამართალდამრღვევი პირისთვის არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულმა პრეცედენტმა შეიძლება, “მსუსხავი ეფექტი“ იქონიოს გამოხატვის უფლებით მოსარგებლე სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ.