სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საყრდრისი-ყაჩაღიანის შესახებ პრეზენტაცია-გამოფენა გამართა

2014-02-28 04:22
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს, 2014 წლის 28 თებერვალს, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით პრეზენტაცია-გამოფენა გამართა. ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური ინფორმაცია. მათ შორის დოკუმენტები, რომელიც ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.
 
პრეზენტაცია-გამოფენაზე წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ:
სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ეფექტურად და დროულად არ ხდება კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. 
მიუხედავად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, გერმანული მხარისთვის გამოთქმული მზადყოფნისა, რომ საყდრისი-ჩაღიანთან დაკავშირებით სამინისტრო იზიარებდა საერთაშორისო კომისიის შექმნის იდეას, ამ დრომდე მსგავსი კომისია შექმნილი არ არის. 
უცნობია კომპანია “RMG Gold”-ის მიერ საქართველოს მთავრობაში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
რიგ შემთხვევებში საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის მიღებული.
ამასთან, საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ არის გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალს საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და შესაბამის ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას.