სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ საქართველოს მთავრობისა და შსს-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2012-04-03 10:41
Featured image

2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N 489 დადგენილება მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი ოდენობა და გადახდის წესი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საფასურის გადამხდელები არიან სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. „112“-ის მომსახურების საფასური  ფიზიკურ პირებს ყოველთვიურათ  20 თეთრის, ხოლო იურიდიული პირებს 50 თეთრის ოდენობით დაექვითებათ. დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ „112“-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 1 იანვრიდან „112“-ის  საფასური აბონენტებს მაინც ერიცხებათ და ანგარიშიდან შესაბამისი ოდენობის თანხა ეჭრებათ.

საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და „112“-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის სახით 2012 წლის იანვარ-თებერვლის თვის დარიცხულმა შემოსავალმა 1 408 868 (მილიონ ოთხას რვაათას რვაას სამოცდარვა) ლარი შეადგინა.

მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

საიამ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომლითაც მთავრობის N 489 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილების ამოქმედების თარიღად 2012 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, ასევე ითხოვს აბონენტებისთვის  ს.ს.ი.პ  „112“-ის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნებას.