სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგი განახორციელა

2012-04-23 13:35
Featured image

 

დღეს 23 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია ,,ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა“ გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგის განხორციელების გზით შეეცადა გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად და პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის სამუშაოების შესყიდვა, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონდარღვევებს.

მონიტორინგის შედეგების ძირითადი საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და მიღებული საჯარო ინფორმაცია.

ინფორმაციის მიღების მიზნით, საია და საია-ს ქუთაისის ფილიალი იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის, ისე სასამართლოს მეშვეობით ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა:

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა - თითქმის ყველა სახელმწიფო თუ კერძო ორგანოები გვპასუხობდნენ, რომ მათთან საია-ს ქუთაისის ფილიალის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, სახელმწიფო თუ    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცალსახად უგულებელყოფდნენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, მაშინ როცა საქმე ეხება ისეთ სახელმწიფო მნიშვნელობის მშენებლობას, როგორიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობაა და რომლის მშენებლობაზე სახელმწიფო და ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 73 775 300 მილიონი ლარი დაიხარჯა;

დაუსაბუთებლად გადამისამართება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან -  განცხადების პასუხად მიგვითითებდნენ, რომ მიგვემართა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევაა;

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადის დარღვევა - ხშირად ირღვეოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინფორმაციის 10 დღიანი ვადა;

სასამართლოს პოზიცია - სასამართლო დავების განხილვის ნაწილში ნათლად ჩანს , რომ ყველა ადმინისტრაციულ დავაზე სასამართლო წყვეტს საქმის განხილვას დავის საგნის არარსებობის გამო;

გაუმჭვირვალობა - 73 775 300 მილიონი ლარი განიკარგა აბსოლუტურად ბუნდოვნად და მაღალი ალბათობით კორუფციულად, რადგან სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების ლეგიტიმურ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესი გაუმჭვირვალედ და სამართლებრივი ნორმების დაუცველად მიმდინარეობს.