სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მოსაზრებები წარუდგინა

2023-05-15 16:07
Featured image

ქართული ოცნების დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე მცირდება. Პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პირველი მცდელობით ვერ დააკომპლექტებს ცესკოს

საია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ ინიციატივით მმართველი პარტია უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. იმის გათვალისწინებით, რომ ცესკოს დაკომპლექტების არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო, მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად.