სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ანგარიშის - ,,არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე“ პრეზენტაცია გამართა

2019-02-26 13:33
Featured image

2019 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა ანგარიშის პრეზენტაცია,,არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე“.

ანგარიშში გაანალიზებულია არასათანადო მოპყრობის ის საქმეები, რომელთა იდენტიფიცირებაც საიამ 2017-2018 წლებში მოახდინა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც არსებითად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის საქმეების ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციას. 

ანგარიში მოიცავს თბილისში, გორსა და ბათუმში მიმდინარე 12 სისხლის სამართლის საქმის ანალიზს, რომლებშიც საია 2017-2018 წლებში ჩაერთო. აღნიშნულ საქმეებში იკვეთება სამართალდამცავთა და პენიტენციარული დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები.  ამათგან 7 შემთხვევა – 2017 წელს, ხოლო 5 – 2018 წელს მოხდა. მოცემული საქმეებიდან 11 შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო 1 საქმეში პენიტენციარული დაწესებულების თანამშრომლები ფიგურირებენ. ანგარიშის მიზნებისთვის ასევე შესწავლილია საიას წარმოებაში არსებული 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

ძირითადი მიგნებები:

2017-2018 წლებში, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობაში შევიდა პოზიტიური ცვლილებები, თუმცა, ისინი არასაკმარისია. ცალკეული საკანონმდებლო აქტები საჭიროებს ძირეულ გადახედვას და არსებითად შეცვლას. კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პროკურატურის ორგანოების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების არაეფექტურობა.

- სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო ცემის თუ სხვაგვარი ძალადობის შესახებ მსხვერპლთა მიმართვაზე, როგორც წესი, გამოძიება იწყება, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში იკვეთება გამოძიების დაგვიანებით დაწყების პრობლემა;

- შემთხვევათა უმრავლესობაში სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლებს უარი ეთქვათ გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე;

- პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ უარის თქმის თაობაზე, როგორც წესი, არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებითა და არგუმენტებით;

- ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურორის უარის გასაჩივრების მექანიზმი არ იყო ეფექტური. დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება შემთხვევა ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის უარის შეცვლის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს კვლავაც ეზღუდება საქმის მასალების ასლების გადაღების შესაძლებლობა; კანონმდებლობა დაზარალებულებს არ აძლევს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების შესახებ ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა;

- თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ფიქსირდება განსხვავებული მიდგომა გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა ინფორმირების კუთხით;

- განხილულ საქმეთა დიდ უმრავლესობაში გამოძიება რაიმე კონკრეტულ შემაჯამებელ შედეგამდე ვერ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან სულ მცირე 6 თვეა გასული;

- პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დაექვემდებარნენ სამართალდამცავთა მხრიდან ცემას ან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სხვა სახის უფლებამოსილების გადამეტებას, რიგ შემთხვევაში სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის მოტივით, თავადვე ხდებიან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტები, ხოლო ერთ შემთხვევაში პირი დაექვემდებარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;

- სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, ძირითადად, არ ხდება ფაქტების სათანადოდ გამოკვლევა და გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.

 

რეკომენდაციები

საქართველოს პარლამენტს:

- დროულად დაიწყოს ფუნქციონირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ასევე, საქართველოს პარლამენტმა შეისწავლოს ის მიზეზები, რომლებმაც ,,სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის 2019 წლის 1-ლ იანვარს ამოქმედებას შეუშალა ხელი და მისი 6 თვით გადავადება გამოიწვია;

- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რითაც ცხადად განისაზღვრება დაზარალებულის უფლება - მიიღოს/გადაიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ასევე, ყველა კატეგორიის დანაშაულზე დაზარალებულს მიეცეს უფლება, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ზემდგომი პროკურორის პასუხი გაასაჩივროს სასამართლოში;

- გატარდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული რეფორმა, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის მიღება;

- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მსგავსად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც მკაფიოდ განისაზღვროს მოსამართლის როლი წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით;

- კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც პოლიციელი ვალდებული იქნება სამართალდარღვევაზე რეაგირებისას ან/და დაკავებისას უწყვეტად აწარმოოს ვიდეოგადაღება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს

- დროულად მოხდეს დაკავებული პირის მოთავსება დროებითი მოთავსების იზოლატორში და აღმოიფხვრას დაკავებულის პოლიციის მანქანასა თუ შენობაში მოთავსების პრაქტიკა;

 საქართველოს პროკურატურას

- სწრაფად და ეფექტურად აწარმოოს სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და მათზე საპროცესო ზედამხედველობა;

- უზრუნველყოს სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რათა გაიზარდოს საქმის გამოძიებაში მათი ჩართულობისა და ინფორმირებულობის ხარისხი.

 

ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს

 

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში“, ფარგლებში, რომელსაც საია 2018 წლის თებერვლიდან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) ერთად ახორციელებს.