GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 აგვისტო, 2020

2020 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, საქმეზე ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ განმეორებით მიმართა ევროპულ სასამართლოს საჩივრის აღდგენის მოთხოვნით. საჩივარი საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულების და შესაბამისად, ამავე სასამართლოს განჩინების აღუსრულებლობას შეეხება. 

კერძოდ, საიამ შაქრია ზურაშვილის სახელით ევროპულ სასამართლოს თავდაპირველად 2012 წლის 12 აგვისტოს მიმართა. საჩივარი ეხებოდა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს, შაქრია ზურაშვილის დაკავებისას და შემდგომ, სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხორციელებას. აღნიშნულის გამო საჩივრით მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევის დადგენას ითხოვდა. 

2012 წელს გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებით 2016 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოში ცალმხრივი დეკლარაცია წარადგინა. დეკლარაციის ფარგლებში სახელმწიფომ მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილის დარღვევა აღიარა და აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება ზურაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის პირობების გათვალისწინებით, 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. მიღებულ განჩინებაში სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ შეასრულებდა ცალმხრივი დეკლარაციით აღებულ ვალდებულებას, მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპული სასამართლოსთვის მისი საქმის განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენის მოთხოვნით მიემართა.  

საია ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების მიღების მომენტიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების აღსრულებას აქტიურად აკვირდებოდა. 2017 წლის 8 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა, რომელიც გამოძიებას 2020 წლის იანვრამდე აწარმოებდა. იანვრის შემდეგ კი საქმე გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენიდან თითქმის 4 წელი გავიდა, გამოძიება დღემდე გრძელდება და მნიშვნელოვან პროგრესს არ განიცდის. მომჩივნის მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ ჩატარებულა საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და არ მომხდარა არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი 2 წელზე მეტი დროის განმავლობაში გამოძიება აწარმოებდა ისე, რომ იგივე უწყებაში მუშაობდა პირი, რომელმაც, ზურაშვილის განცხადებით, 2011 წელს მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. ამასთან, გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურების შედეგად განადგურდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც დამატებით ართულებს აღნიშნულ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას. 

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, 2020 წლის 10 აგვისტოს ევროპულ სასამართლოში წარდგენილ  საჩივარში საია ასაბუთებს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა ცალმხრივი დეკლარაციით აღებული ვალდებულება - ეწარმოებინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მომჩივნის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. შესაბამისად, საია საჩივრის  აღდგენას და საქმის არსებითად განხილვას ითხოვს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

სხვა სიახლეები