სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სუს-ის ანგარიშის განხილვის სრულად დახურვას ეხმაურება

2017-04-20 18:08
Featured image

საია-ს სურს გამოეხმაუროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვას პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის განხილვის როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხომის ნაწილი სრულად დახურულ ფორმატში წარიმართა. გადაწყეტილება სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალური ბუნებით იქნა დასაბუთებული.

ცხადია, გასათვალისწინებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობისთვის დამახასიათებელი სპეციფიური ბუნება, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მომეტებული სახელმწიფო ინტერესი. თუმცა, ამავადროულად  მნიშვნელოვანია სამსახურის საქმიანობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. შესაბამისად, აუცილებელია ამ ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის გონივრული ბალანსის დადგენა, რაც არც ერთ სხდომაზე არ განხორციელებულა.

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის მომეტებული რისკის დაწესებულებების მიმართ (როგორიც ბუნებრივად არის უსაფრთხოების სამსახურები) არსებობდეს შესაბამისი საზოგადოებრივი მონიტორინგი, რაც მხოლოდ წარმოდგენილი ანგარიშის გაცნობის საფუძველზე ვერ მიიღწევა.

ანგარიშის საჯარო ხასიათი სწორედ იმ დატვირთვის მატარებელია, რომ შექმნას სივრცე  საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიისთვის. საგულისხმოა, რომ ანგარიშის საკომიტეტო განხილვა წარმოადგენს ფაქტობრივად ერთადერთ ფორმატს საზოგადოებრივი მონიტორინგის განსახორციელებლად, სადაც დაინტერესებული პირებს ეძლევათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები უწყების წარმომადგენლის მხრიდან.

სადავო საკითხს არ წარმოადგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის დახურულ ფორმატში განხილვის საჭიროება, თუმცა, ფართო საზოგადოების ისედაც მწირი შესაძლებლობის სრულად მოსპობა, არაპროპორციულად ზღუდავს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ვერ იქნება გამართლებული სახელმწიფო უსაფრთხოების სახელით.

სიღრმისეული საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, რაც ცხადია გულისხობს არასაჯარო ინფორმაციასთან წვდომასაც, იმგვარად უნდა რეალიზრდეს რომ საფრთხე არ შეუქმნას ისედაც დახურული უწყების მიმართ მოქმედ ძალიან მცირე საზოგადო კონტროლის ბერკეტებს.

დასახელებული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დანერგვის საჭიროებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საკომიტეტო/პლენარული მოსმენების რეჟიმით და მათ შორის გაითვლისწინებს როგორც ღია, ასევე დახურული ფორმატის შეხვედრებს სხვადასხვა კატეგორიის აუდიტორიისთვის. აღნიშნულის საჭიროება, არაერხელ იქნა დაფიქსირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაინახავს აღნიშნულ საჭიროებას და იმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე.