სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართავს

2013-06-12 06:10
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ასევე, სრულიად მიუღებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროების რამენაირი დასაბუთება. ასეთ ვითარებაში კი, კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან თავისთავად გამოირიცხება სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა კანონის შექმნის პროცესში.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში უკვე რამდენიმე კანონი იქნა  მიღებული სამოქალაქო მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე. მოცემული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ამის კიდევ ერთი დასტური იქნება. უახლოეს წარსულში, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების სამი მოსმენით განხილვას და მიღებას სულ 4 დღე დასჭირდა, რაც, ცხადია, ძალიან მცირე პერიოდია და დაინტერესებულ პირთა მხრიდან რაიმე სახის ჩართულობას გამორიცხავს.

ამ დროისათვის, საზოგადოებისა და პარლამენტის წევრების ყურადღება გვსურს მივაპყროთ კანონპროექტის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:
 
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, რექტორის უფლბამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ჩანაწერი ვრცელდება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ამავდროულად, კანონში დღეს მოქმედი ჩანაწერით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანო (აკადემიური საბჭო). ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს დღეს მოქმედ რეგულაციას და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის ავტონომიაში პირდაპირ ჩარევას;
 
კანონპროექტის მიხედვით, რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის აკადემიურ ხარისხს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვა დადგენილი არ არის. თუმცა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის პირველად რედაქციაში, რომელიც 2004 წლის ბოლოდან მოქმედებს, იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ამ ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი.“ აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა 2010 წლის 16 ივლისს განხორციელებული ცვლილებით. ცვლილების მოტივაციად განმარტებით ბარათში მითითებული იყო „კანონში არსებული შეზღუდვის მოხსნის მიზანშეწონილობა“, რის შემდეგაც შემოღებულ იქნა „რექტორად და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნებისმიერი პირის არჩევის/დანიშვნის შესაძლებლობა“, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით არასწორ დანაწესად შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით რექტორისათვის წაყენებული მოთხოვნა გამართლებულად მიგვაჩნია. თუმცა, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აისახოს აღნიშნული მოთხოვნის შემოღება დღეს მოქმედი რექტორებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე, დამატებითი დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
 
გამომდინარე იქედან, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაერთხელაა გამახვილებული ყურადღება უნივერსიტეტების ავტონომიის მნიშვნელობაზე, გვსურს  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შევახსენოთ რეგენტთა საბჭოს არსებობა, რომელიც ფაქტობრივად უნივერსიტეტის ავტონომიურობის ხელყოფის ბერკეტს წარმოადგენს და წინა წლებში არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. ბოლო დროს პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილება, რომელიც რეგენტთა საბჭოს გაუქმებას ისახავდა მიზნად, არ იქნა მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში განათლების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სწორედ მისი გაუქმება იყო გათვალისწინებული. მითითებულ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ ამა წლის მარტში პარლამენტისთვის წარმოდგენილ დასკვნაში რეგენტთა საბჭოს შესახებ საპირისპიროს ვკითხულობთ: „აღნიშნული ინსტიტუტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და კოორდინაციის ეფექტურ, იურიდიულად გამართულ ინსტრუმენტს წარმოადგენს.“
 
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ განიხილოს ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ყველას მისცეს მის განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა და მოუსმინოს დანტერსესებული მხარეების მოსაზრებებს. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები უნივერსიტეტების ავტონომიურობის გასაძლიერებლად და დაიწყონ მუშაობა შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.