სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

2011-06-07 10:31
Featured image

ამა წლის 6 ივნისს საიამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ცვლილებას იმგვარად, რომ  დევნილის სტატუსის მოპოვება შეძლონ, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის, ანუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა. გარდა ამისა, იცვლება  კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ფორმულირება და შეწყვეტილი სტატუსის აღდგენის საფუძვლებად დამატებით სახელდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
2004 წელს საქართველოს კონსტიტუციასა და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც საქართველოს წინაშე აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ან რომელთათვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან, შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ამ ცვლილებების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილმა შეძლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის მიღებაც, რითაც საქართველოსთან აღიდგინა პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონის დღევანდელი რედაქციით მათთვის შეუძლებელია დევნილის სტატუსის მიღება ან აღდგენა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  აღნიშნულ პირთა რაოდენობა 1344-ს შეადგენს.
საია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს თხოვნით, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას მისცეს შესაბამისი მსვლელობა და კანონით დადგენილ 5 დღის ვადაში გადასცეს ის კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით.