სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საქართველოს მთავარ პროკურატურას მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

2013-10-10 06:00
Featured image

9 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართეს ლევან კორკოტაშვილის ოჯახის წევრებმა,  რომელთა განმარტებითაც 8 ოქტომბერს,  შსს ძველი თბილისის  #4 სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა  ლ. კორკოტაშვილი.  დაკავების დროს ლ.კორკოტაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და  მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.  ამჟამად იგი მოთავსებულია ქ. დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.  

საიას იურისტმა მოინახულა დაკავებული ლ. კორკოტაშვილი, რომელიც განმარტავს შემდეგს:

8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის იგი იმყოფებოდა დაბა წყნეთში და იდგა ავტობუსის გაჩერებასთან, რა დროსაც მას მიუახლოვდა ა/მანქანა ,,ნივა”. ა/მანქანაში მჯდომმა პოლიციელებმა მას მოსთხოვეს მანქანაში ჩაჯდომა და მათთვის გაყოლა, ხოლო როდესაც ლ. კორკოტაშვილმა იკითხა მიზეზი, პოლიციის თანამშრომლები აგრესიულები გახდნენ, გადმოვიდნენ მანქანიდან და დაუწყეს მას უმოწყალოდ ცემა. ცემის შედეგად ლ.კორკოტაშვილს აღენიშნება მძიმე დაზიანებები კიდურებსა და სახის არეში, მარჯვენა ხელზე აღენიშნება შეშუპება და ჩამტვრეული აქვს ქვედა ყბის ძვალი. 
 
ლ.კორკოტაშვილის განმარტებით, შემდგომ იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, თითქოს დაკავების დროს მას თან აღმოაჩნდა  ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ მიუხედავად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ლ. კორკოტაშვილსგან ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება.  ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა (დაეწყო სახის შეშუპება და სისხლდენა), შემდგომ იგი გადაიყვანეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც ლ. კორკოტაშვილს  გაეწია პირველადი  სამედიცინო დახმარება, შეუჩერეს სისხლდენა, თუმცა სახეზე მიღებული დაზიანების გამო მას უკვე 2 დღეა საკვების მიღება არ შეუძლია. 
 
ამჟამად ლევან კორკოტაშვილის  ჯანმრთელობის  მდგომარეობა  მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ეს გარემოება, როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
 
საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს ლ. კორკოტაშვილს და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მსგავსი ფაქტები არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ლ. კორკოტაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს ამ და სხვა მსგავსი ფაქტებით. ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობაში პოლიციის და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობის ხარისხს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევა სწრაფად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული.