სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში სასამართლოში დაიცავს

2013-09-04 10:09
Featured image

ხვალ, 5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სალომე ზურაბიშვილის სახელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ცესკოს თავმჯდომარის 2013 წლის #64/2013 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

 
საია მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ის ეფუძნება საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის ,,ა.ბ” ქვეპუნქტს, რომელიც ადგენს, რომ პასიური საარჩევნო უფლება (ეს უკანასკნელი ნიშნავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, კენჭი იყაროს წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად) არა აქვს იმ პირებს, რომელებსაც ეს უფლება შეზღუდული აქვთ, საქართველოს კონსტიტუციით და კანონით. ცესკოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, სწორედ ის კონსტიტუციური ნორმაა, რაც პირებს (ამ შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებს) პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავს.
 
სინამდვილეში, კონსტიტუციის 29 მუხლის 11 პუნქტი საერთოდ არ არეგულირებს მოქალაქის, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ, პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხს. რასაც კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი ეხება, არის ის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, უკრძალავს სამი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. ეს აკრძალვა არ არის იმდენად ფართო, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ართმევდეს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატად ყოფნის უფლებას. კანონმდებელს, რომ ამგვარი განზრახვა ჰქონოდა კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტში პირდაპირ ჩაწერდა იმას, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არა მხოლოდ ეკრძალებათ, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, არამედ ამ თანამდებობებზე კენჭისყრაც კი.
 
კონსტიტუციის 29 მუხლის 11 პუნქტი საერთოდ არ აწესრიგებს საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას. ეს კონსტიტუციური დებულება, მისი სიტყვა-სიტყვითი შინაარსის გათვალისწინებით არ ვრცელდება საარჩევნო პროცესზე. კონსტიტუციის 29 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი აკრძალვა მოქმედებას დაიწყებს იმ მომენტიდან, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. ასეთ შემთხვევაში ფიცის დადების მომენტისათვის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე.
 
კონსტიტუციური დებულება, რაც შეზღუდვას უწესებს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქის პასიურ საარჩევნო უფლებას, იკითხება არა კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტში, არამედ კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ეს უკანასკნელი დეტალურად განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ უკრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი არის დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საია გეგმავს სასამართლოში დაიცვას სალომე ზურაბიშვილის ინტერესები.