სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკუთრების ჩამორთმევის კანონპროექტზე მოსაზრებებს პარლამენტს წარუდგენს 

2017-05-04 18:44
Featured image

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანს ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა წარმოადგენს.

საია-მ საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. მომზადებულ დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

სასამართლოს როლი იძულებითი ექსპროპრიაციისას - მიუხედავად ექსპროპრიაციის პროცესში სასამართლოს ჩართულობისა, შემოთავაზებული რეგულაცია არ ითვალისწინებს მისი მნიშვნელობის სათანადო ხაზგასმას. არ არის მითითებული, რომ სასამართლო წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ერთადერთ სუბიექტს, რომ სწორედ სასამართლო აფასებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობას და ასეთის არარსებობის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უარი თქვას ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ პირობებში, ჩნდება განცდა, რომ სასამართლოს ჩართულობა, მხოლოდ ფორმალური ეტაპია, რაც ცხადია ვერ იქნება გამართლებული.

გასაჩივრება - ექსპროპრიაციის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას. შესაბამისად, ჯერ კიდევ დაუსრულებელი დავის პირობებში შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა. ვფიქრობთ, მსაგსი მიდგომა სრულიად უკარგავს გასაჩივრებას აზრს და ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

ექსპროპრიაციის საფუძვლები - შენარჩუნებულია ექსპროპრიაციის განხორციელების ისეთი ფართო საფუძველი, როგორიცაა -საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და ობიექტების მშენებლობა/მოწყობა. ასეთ, პირობებში შესაძლო მანევრირების თავიდან ასაცილებლად და საჯარო ინტერესების სრულად გათვალისწინების მიზნით აუცილებელია არსებობდეს შეფასებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს წარმოადგენს, რა დროსაც ხდება განსახორციელებელი პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეპირისპირება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ აღნიშნულზე დაყრდნობით.

კომპენსაცია - საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, საექსპროპრიაციო ქონების ფასის განსაზღვრისას გადამწყვეტია ქონების საბაზრო ღირებულება, იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ზოგადად გააჩნია ქონებას და არა საკუთრების უფლების ჩამორთმევის მომენტში. შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული მიდგომა, რომელიც კომპენსაციის განსაზღვრისას გადმწყვეტ მნიშვნელობას წინასწარ დაუდგენელ მეთოდოლოგიას ანიჭებს, ისევე როგორც გამორიცხავს შეფასების შემდგომი თესვის გათვალისწინებას არ შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საია-ს დასკვნა ყურადღებას ასევე ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საექსპროპრიაციო ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია, წინასაექსპროპრიაციო ეტაპი, ექსპროპრიაციის საკითხის განხილვა სამინისტროს მიერ, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ექსპროპრიაცია მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისას და სხვა.

იმედს ვიტოვებთ, რომ დასკვნაში მოყვანი საკითხები გაზიარებული იქნება როგორც საკანონმდებლო პაკეტის ავტორისა/ინიატორის, ასევე წამყვანი კომიტეტის მხრიდან.