სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ბეჭდური და ონლაინ მედიისათვის დაწესებულ აკრძალვას, გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი აზრის კვლევები

2020-02-04 14:13
Featured image

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ონლაინ-პლატფორმა Reginfo.ge-ს გამომცემელი) სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. საია ასაჩივრებს ნორმას, რომელიც ბეჭდურ და ონლაინ მედიას უკრძალავს არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე საზოგადოებრივი კვლევების გამოქვეყნებას. საია სადავოდ ხდის ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართ იმავე რეგულაციების გავრცელებას, რაც დაწესებულია სამაუწყებლო მედიის (ტელევიზია და რადიოს) მიმართ. მოსარჩელისათვის განსაკუთრებით პრობლემურია ონლაინ და ბეჭდური მედიის მიმართ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქცია ყოველთვის სამაუწყებლო მედიის რეგულირება წარმოადგენდა, გასაჩივრებული ნორმებით გაფართოვდა ამ კომისიის უფლებამოსილება და მისი რეგულირების სფეროში მოეცა ბეჭდური და ინტერნეტ-მედიაც.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გასაჩივრებული ნორმები მხოლოდ ინტერნეტ მედიას უკრძალავს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებას ხმის მიცემის დაწყებამდე 48 საათიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე პერიოდში. ამ აკრძალვის მიზანია, არ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება არჩევნებამდე ცოტა ხნით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს აკრძალვა არ ვრცელდება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელზე, რომელმაც შეიძლება თავდაპირველად გამოაქვეყნოს ამგვარი საზოგადოებრივი აზრის კვლევა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ან იმ მომხმარებელზე, რომელმაც ამგვარი სტატუსი გააზიაროს. თუკი საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების აკრძალვის მიზანია, არ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება, ამგვარი მანიპულირება შეიძლება მოახდინოს ფეისბუქის ინდივიდუალურმა მომხმარებელმაც, თუმცა აკრძალვა მასზე არ ვრცელდება. ამგვარად, საიას მიაჩნია აკრძალვა არ არის ვარგისი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, ეწინააღმდეგება მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას.

ზოგადად, ინტერნეტი არის იდეათა თავისუფალი ბაზრის უნიკალური პლატფორმა. ინტერნეტი ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, თავისი აზრი მიიტანოს ფართო საზოგადოებამდე და ამით ჩართული იყოს საჯარო დისკუსიებში. ინტერნეტი თავის თავში გამორიცხავს ერთი ან რამდენიმე მსოფლმხედველობის თუ პოზიციის დომინირების შესაძლებლობას. ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეუძლია სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ყალბ ინფორმაციას დაუპირისპირდეს სწორი ინფორმაციით, ცილისწამების შემთხვევაში გამოიყენოს პასუხის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი, მათ შორის სოციალური ქსელი, არის აზრის გამოთქმის საყოველთაო და იაფი საშუალება, განსხვავებით, სამაუწყებლო მედიისაგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის და ინტერნეტის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მედიის ამ სეგმენტის მოქცევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში. ინტერნეტ-სივრცეში დივერსიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების და მიღების შესაძლებლობას  მინიმუმამდე დაჰყავს არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირების საფრთხე, რაც გამორიცხავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინტერნეტის რეგულირების საჭიროებას.

 

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს აწარმოებს ,,ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.