სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საჯარო დაწესებულებებს პრემის გაცემასთან დაკავშირებით გამჭვირვალე და ობიექტური რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს

2013-03-11 05:48
Featured image

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის პრემიების გაცემა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ინფორმაციას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, სამწუხაროდ ამ მიმართულებით დღემდე რჩება  საკითხები, რომელიც პრემიების გაცემას კვლავ პრობლემური საკითხების კატეგორიაში ტოვებს. ამ ფონზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედია საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის ფაქტებს ეხება (მათ შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში - სამინისტროებში, მთავრობის კანცელარიასა და  პარლამენტში). შესაბამისად, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება. 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა პრემიის გაცემის ნაწილში სხვა სახის მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეგულაციებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ უწყებაში დასაქმებული პირებისთვის პრემიის გაცემა უმრავლეს შემთხვევაში ერთპიროვნულად მიიღება. პრემიის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები კი მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და არ ეფუძნება კონკრეტული პირის სათანადო შეფასების კრიტერიუმებს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ საჯარო დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოსამსახურისთვის პრემიის გაცემის წესს დაარეგულირებს. ასეთი სამართლებრივი აქტის არ არსებობა კი თავისთავად ხელს უწყობს დამკვიდრებული უსამართლო პრაქტიკის გაგრძელებას. 
 
მიგვაჩნია, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის პრემიების გაცემის არსებული პრაქტიკა, როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სათანადო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. კერძოდ, აუცილებელია როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და მიღება, ისე საჯარო დაწესებულებების მხრიდან პრემიის გაცემის ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების შემუშავება და დანერგვა. ამასთან, აღნიშნული პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით უნდა წარიმართოს.
 
საია მოუწოდებს ყველა შესაბამის დაწესებულებას დროულად შეიმუშაონ პრემიის გაცემის გამჭვირვალე და ობიექტური რეგულაციები. ხოლო ამგვარი რეგულაციების შემუშავებამდე თავი შეიკავონ პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკის გამოყენებისგან.
 
ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ უახლოეს მომავალში საია საზოგადოებას წარუდგენს კვლევას, სადაც განხილული იქნება საქართველოში არსებულ სამინისტროებში პრემიის გაცემის წესებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები და შესაბამისი რეგულაციები.