სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება

2017-06-01 12:03
Featured image

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შესრულება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლეო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე გატანილი იქნა 29 მაისს, ხოლო მისი განხილვა პასუხისმგებელ კომიტეტებში დაიწყო მომდევნო დღიდან,  30 მაისიდან. კანონპროექტის ბიუროზე განხილვამდე კი მისი შინაარსი არ იყო ცნობილი დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

გასათვალისწინებელია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული შემჭიდროებული ვადები, თუმცა ვინაიდან, საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს პირთა გარკვეული კატეგორიის მოსამართლედ დანიშვნას გამოსაცდელი ვადის გარეშე, ვფიქრობთ, რომ მისი განხილვა არ უნდა წარმართულიყო ფორსირებულ რეჟიმში. არსებულმა მოცემულობამ, რა დროსაც კანონპროექტის განხილვა დაიწყო მისი გასაჯაროებიდან მეორე დღესვე, ფაქტობრივად იმთავითვე გამორიცხვა დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობისა და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.

იმ პირობებში, როდესაც არაერთი კითხვა არსებობს საზოგადოებაში მოსამართლეთა დანიშვის არსებულ პრაქტიკასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება ამ მიმართულებით ხორციელდებოდეს ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და განსხვავებული აზრების გენერირების ფონზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან არ იქნა დანახული ამგვარი საჭიროება და კანონპროექტის მომზადება დახურულ ფორმატში განხორციელდა, ხოლო შემდგომი საპარლამენტო განხილვები გაუმართლებლად სწრაფ ვადებში მიმდინარეობს.

რაც შეეხება უშუალოდ წარმოდგენილ კანონპროექტს, საია-ს მოსაზრებით არსებობს არაერთი საკითხი, რომელიც დამატებით დახვეწას საჭიროებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია განსხვავებული წესის საჭიროება ერთი მხრივ, პირველი და სააპელაციო ინსტანციის ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისთვის, და მეორე მხრივ, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეებისთვის.

ასევე, საგულისხმოა, რომ ინიციატივა შეიცავს რიგ ბუნდოვან ჩანაწერებს სხვადასხვა კატეგორიის მოსამართლეთა შეფასების, დანიშვნის, კონკურსის ჩატარების წესთან და პროცედურასთან მიმართებით, ისევე როგორც არსებითად აუარესებს მოქმედ სტანდარტს მოსამართლეთა დანიშვნისას ფარული კენჭისყრის შემოტანით.

აქვე აღსანიშნავია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის დადგენილი საკვლიფიკაციო მოთხოვნების ცვლილება, რომელიც ვფიქრობთ, რომ ასევე საჭიროებს დამატებით გაუმჯობესებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ საიას მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან.