სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საავტორო უფლებების დარღვევის აღკვეთასთან დაკავშირებით კომისიის უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2020-08-20 13:47
Featured image

საია-მ, კომპანია „ახალი ქსელების“ სახელით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. გასაჩივრებული დადგენილება განსაზღვრავს ინტერნეტის და ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანიის ვალდებულებას, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში,დაბლოკოს საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული პროდუქცია. კომისიამ, გასაჩივრებული დადგენილებით, საკუთარ თავს განუსაზღვრა დარღვევაზე რეაგირების ის უფლებამოსილება, რომელიც მისთვის კანონმდებელს არ მიუნიჭებია. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ კომისიის დადგენილება არაკონსტიტუციურია.

კომისიის დადგენილება იწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. იმისათვის, რომ ეს შეზღუდვა იყოს კონსტიტუციური, ამგვარი ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი[1] კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული მომსახურების კომპანიებიდან მხოლოდ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის უფლებას ანიჭებს. არც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი და არც პარლამენტის მიერ მიღებული სხვა საკანონმდებლო აქტი, არ აძლევს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებას, ინტერნეტ და ტელევიზიის მიმწოდებელ კომპანიას მოსთხოვოს საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული პროდუქციის დაბლოკვა. ამდენად, კანონმდებელს კომისიისათვის არ მიუნიჭებია საავტორო უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქცია და აღნიშნული შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით განხორციელდეს. შესაბამისად, კომისიამ საკუთარი უფლებამოსილება კანონმდებლობის დარღვევით დაადგინა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

საია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასაჩივრებული დადგენილება ასევე ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას (დამძლევი ნორმა) საქმეზე ,,ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“. შესაბამისად, საია მოითხოვს გასაჩივრებული ნორმების განმწესრიგებელ სხდომაზე გამარტივებული წესით ძალადაკარგულად ცნობას.    

    

   

 


[1] მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.