სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

2018-02-21 12:04
Featured image

საია ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებებით გამორჩეული ორი არამოსამართლე წევრის მიმართ მიზანმიმართულ თავდასხმებს, რამაც პერმანენტული სახე მიიღო. განვითარებული მოვლენები განსხვავებული და კრიტიკული აზრის მიუღებლობის ნათელ დემონსტრირებას ახდენს და კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას.

საბჭოს დაკომპლექტების დღევანდელი წესი  მიზნად ისახავს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების ჩართულობას საბჭოს საქმიანობაში და მიმდინარე საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას, რამაც უნდა უზრუნველყოს  პირადი ინტერესებით მოქმედების თავიდან აცილება. თუმცა, სულ უფრო ხშირად, საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანმიმართულად უპირისპირდებიან საბჭოს ცალკეულ არამოსამართლე წევრებს მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაპირისპირება, როგორც წესი, არ ეხება განსახილველ საკითხს, რაც ართულებს და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივ განხილვას.

ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ბოლო შემთხვევა, როცა საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე წევრის ინიციატივით წარმოდგენილი იყო საკითხი, ცვლილებები შესულიყო  სასამართლოებში  საქმეთა ავტომატურად,  ელექტრონული სისტემის მეშვეობით  განაწილების წესში და სასამართლოს თავმჯდომარეების ჩართულობა გარკვეულწილად კვლავ ასახულიყო. მას შემდეგ, რაც ანა დოლიძე განსახილველ საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა, მას მოსამართლე წევრებმა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია  "Russian Justice Initiative"-თან წარსულში თანამშრომლობა შეახსენეს და ეს წარმოაჩინეს როგორც სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად. იგივე ბრალდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, 20 თებერვალს გადაცემა ,,არჩევანში“.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ "Russian Justice Initiative"-ს აქვს თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არაერთ ავტორიტეტულ  ორგანიზაციასთან თუ ექსპერტთან. დასახელებულ ორგანიზაციასთან საია 2008-2012 წლებში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე. მათ შორისაა, რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა ქართველი სამხედრო ტყვეების (ქართველი ჯარისკაცების) წამება და გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვა. RJI-ის წარმომადგენლის მეშვეობით, საია-ს 2008 წლის რუსეთ  - საქართველოს ომის შემდგომ შესაძლებლობა ჰქონდა მოეძებნა და კონტაქტი დაემყარებინა ცხინვალის რეგიონში არსებულ დროებით მოთავსების იზოლატორსა თუ ციხეებში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან და დახმარებოდა მათ უფლებების დაცვაში.

მიგვაჩნია, რომ საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად წარმოჩენა, საბჭოს კრიტიკული წევრის დისკრედიტაციის მცდელობაა და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივი განხილვის თავიდან არიდებას.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და უსაფუძვლო ბრალდებებისაგან და სხდომები საგნობრივი დისკუსიის ფარგლებში წარმართონ.