სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიიღოს კანონპროექტი, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს

2010-04-20 14:29
Featured image

2010  წლის  4 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრების - პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”.

შემოთავაზებული პროექტით იცვლება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სადავო აქტის გაუქმება არ იწვევს სამართალწარმოების შეჩერებას, თუ საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით, ზემოაღნიშნული საკითხი სრულად გადავა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში და ყოველ საქმეზე იგი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა პროცესი დავის საგნის გაუქმების შემთხვევაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს თავისი მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით 19 აპრილს გადაუგზავნა.

საიას აზრით,  აღნიშნული ცვლილების განხორციელება დაუშვებელია, რადგან მისი მიღებით   საფრთხის ქვეშ დგება ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური გარანტიები. დღევანდელი პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას უქმდება სადავო აქტი, სამართალწარმოების გაგრძელების მიზანია ანალოგიური ნორმატიული აქტის მომავალში მიღების პრევენცია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკანონმდებლო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ დაუშვებელია იგივე შინაარსის სამართლებრივი აქტის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, კანონის გაუქმების შემდგომ მიმდინარე პროცესი მიზნად ისახავს იმავე შინაარსის ნორმატიული აქტის თავიდან მიღების შესაძლებლობის აცილებას. შემოთავაზებული ცვლილება კი საშუალებას მისცემს ნორმის შემოქმედს მომავალში მიიღოს ანალოგიური აქტი, რაც განსაკუთრებით პრობლემურია კანონქვემდებარე აქტების მიმართ, რომელთა მიღებაც შედარებით გამარტივებული გზით ხდება.

გარდა ამისა, საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ხდება სადავო ნორმატიული აქტის გაუქმება და იგივე შინაარსის  აქტის მიღება. აღნიშნული წარმოადგენს სპეციფიკურ სფეროს და საჭიროებს კანონისმიერ მოწესრიგებას.