სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მიიჩნევს, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება

2012-07-11 09:25
Featured image

 

2012 წლის 10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე  განმარტება გაკეთდა. განცხადების თანახმად, „კორტებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს პროკურატურის 2007 წლის 19 აპრილის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია – ციტატა: ”ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ფუთურიძის წინააღმდეგ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიარაღებული იყვნენ,”—ციტატის დასასრული.  ეს ფორმულირება პროკურატურის ოფიციალური შეფასებაა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოამბე ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და თავად არ აძლევს კვალიფიკაციას ამა თუ იმ პირის ქმედებას.“

2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას.  გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 02 მაისს მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.  სიუჟეტში აღინიშნა, რომ  ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და მოითხოვეს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

 

2012 წლის 9 ივნისს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2012 წლის 10 ივლისს 16 საათიან მოამბეში გასული სიუჟეტით საბჭოს გადაწყვეტილება არ შესრულდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ქცევის სტანდარტი. ერთ-ერთი მითითებით, ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოძიების მიმდინარეობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ეჭვმიტანილი პიროვნება დამნაშავეა. ეჭვმიტანილის შესახებ სიუჟეტის მომზადებისას კარგად აწონ-დაწონოს, რა არის მოცემულ შემთხვევაში უმთავრესი - საზოგადოებრივი ინტერესი თუ პიროვნების დაცვა. გამოძიების გაშუქებისას ზუსტად მისდიოს მოვლენების განვითარებას და მომხდარი ცვლილებების (გამოძიების შეწყვეტა, პირის დამნაშავედ ცნობა თუ გამართლება, სხვ.) შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მაუწყებეთა ქცევის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტმა იხელმძღვანელა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის კ. ნიქაბაძის  2007 წლის 19 აპრილის დადგენილების შესავალი ნაწილით და არა განაჩენით, რომელიც საქმეზე იქნა მიღებული. აღნიშნული საფუძველი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მასალის მომზადებისას დაირღვა ეთიკის სტანდარტები და არ არის დაცული ჯეროვანი სიზუსტე.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.  ამდენად, დაუშვებელია, მხოლოდ პროკურატურის დადგენილებით  პირი მიჩნეულ იქნეს დამნაშავედ, შეიარაღებული დაჯგუფების წევრად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს პოზიციისადმი პატივისცემას და მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ზუსტად შეასრულოს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს  გადაწყვეტილება.