სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ლაშა მიქაბერიძისათვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებაზე უარს სასამართლოში ასაჩივრებს

2020-07-16 12:53
Featured image

2 აპრილს, ქ. ბათუმში კომენდანტის საათის დროს პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლს, ლაშა მიქაბერიძეს, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებია. დაზარალებულად ცნობის გარეშე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ეფექტიანად იყოს ჩართული სამართალწარმოების პროცესში, გაეცნოს საქმის მასალებს და გააკონტროლოს, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს. 

ლაშა მიქაბერიძე აცხადებს, რომ 2020 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 23:45 სთ-ზე, როდესაც აფთიაქში წამლის შესაძენად მიდიოდა, პოლიციელებმა დააკავეს და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ლაშა მიქაბერიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დეტალური ჩვენება 4 აპრილს მისცა. ჩვენებაში მან მიუთითა ინცინდენტში მონაწილე კონკრეტული პოლიციელების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე მათი გამოკითხვა არ მომხდარა.

საია-ს მოთხოვნა, მომხდარიყო ლაშა მიქაბერიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, არც საქმის ზედამხედველმა პროკურორმა და არც ზემდგომმა პროკურორმა არ დააკმაყოფილეს. პროკურატურის განმარტებით, „ლაშა მიქაბერიძის დაზარალებულად ცნობისთვის აუცილებელია დანაშაულის არსებობის ფაქტი, რაც დადასტურებული უნდა იყოს გამოძიების ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით, როგორც მინიმუმ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“.

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ლაშა მიქაბერიძისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია. მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი.  შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ლაშა მიქაბერიძეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. მართალია, საქმეში ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა, თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, ლაშა მიქაბერიძისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს საია დღეს სასამართლოში გაასაჩივრებს.