სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია გმობს ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს!

2009-06-10 20:00
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 10 ივნისს გაზეთ "გურია-ნიუსის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონის სამმართველოში განხორციელებულ ძალადობის ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტების მიმართ დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომის პირდაპირი შედეგია.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 ივნისს ჩოხატაურში, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში მისულ ნატო გოგელიას პოლიციის თანამშრომელმა ტატო ვასაძემ „ჯერ ხელები გადაუგრიხა, ხოლო შემდეგ წიხლებით სცემა“.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ან თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან” სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს მისი ჩადენა ძალადობის მუქარით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. თუმცა, ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობა არ იყო მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, არსებული მტკიცებულებების თანახმად, მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებაც.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტის ცემა განახორციელა იმ ორგანოს წარმომადგენელმა, რომელსაც კანონის თანახმად ევალება “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ჟურნალისტის ცემისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაუყოვნებლივ აგებინოს პასუხი ყველა დამნაშავეს.