სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია გმობს პარლამენტარ აზერ სულეიმანოვის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას და დეპუტატს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

2012-04-25 12:06
Featured image

საია შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებული შეფასებებით, მიიჩნევს მათ სიძულვილის ენის გამოვლინებად და გამონათქვამის ავტორს მომავალში მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ, არგუმენტები არ გააჩნია, უარი განაცხადოს ოსმალთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებაზე. ჯონდი ბაღათურიას სიტყვა შეაწყვეტინა პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა და შემდეგი სიტყვით მიმართა: "ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა.”

პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის გამონათქვამი წარმოადგენს ვერბალურ თავდასხმას სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე, ღიად გამოხატავს რა აღნიშნული ეთნიკური თემის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას. წარმოთქმულ ფრაზაში წარმოჩენილია, ის რომ სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი გვარის ტარება დამაკნინებელია ადამიანისათვის.

საის სურს, დეპუტატ აზერ სულეიმანოვს შეახსენოს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს რატიფიცირებული რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ისეთი იდეების გავრცელება, რაც ემყარება რასობრივ (ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით) ზიზღს. ხოლო აღნიშნული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, გმობენ აღნიშნულ ნიადაგზე წარმოებულ ყოველგვარ პროპაგანდას.

ზემოხსენებული კონვენციის ამავე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი, უკრძალავს ნაციონალურ სახელმწიფო ორგანოებს რასობრივი დისკრიმინაციის წახალისებას.

სამწუხაროა, ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრი, მასზე, როგორც ხალხის წარმომადგენელზე, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას დაკავებულია კონვენციასთან შეუსაბამო საქმიანობით და ეწევა ეთნიკური ნიშნით სიძულვილის აშკარა ტირაჟირებას. საია მოუწოდებს პარტლამენტის თითოეულ წევრს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის გამონათქვამებისაგან.