სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ციხისძირის ინციდენტის ეფექტურ გამოძიებას ითხოვს

2013-04-19 02:17
Featured image

საია ეხმაურება მიმდინარე წლის 14 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დაზარალებულთა ახსნა-განმარტებით, სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივ მოსახლეობას. 

ნეტგაზეთის მიერ გადაღებულ ვიდეო-კადრებში გადმოცემული ახსნა-განმარტებებით, ციხისძირში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვეს. ერთ-ერთი მოქალაქე იხსენებს, რომ მას სამხედროებმა ყელზე იარაღი მიადეს და შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა რომ ის ქრისტიანი არ იყო. ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება, რომ სამხედრო პირები სავარაუდოდ სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით, თეთრი ფერის პიკაპით იმყოფებოდნენ სოფელ ციხისძირში და სამსახურებრივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ აღნიშნული სოფლის მკვიდრს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოქალაქეებისათვის, სავარაუდოდ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენებას  ჰქონდა ადგილი საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირთა, კერძოდ, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და  სამხედრო მოსამსახურის პასუხიმგებლობასთან.

საია მიესალმება თავდაცვის სამინისტროს დროულ რეაგირებას და ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელის სამსახურიდან განთავისუფლების,  ასევე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების ფაქტს. აღნიშნულ პირთა ქმედება ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 
 
ამასთან, მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, 14 აპრილის ინციდენტში იკვეთება მოქალაქეებისათვის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა. ამ სახის დანაშაულების პრევენციისთვის აუცილებელია დამნაშავე პირების სათანადო დასჯა. 
 
მისასალმებელია, რომ პროკურატურის მიერ 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გარდა, დაზარალებულთა ჩვენებიდან ცალსახად იკვეთება, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს მოქალაქეთა რელიგიისადმი დამოკიდებულების გამო, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ არ უნდა გამორიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება რელიგიური შეუწყნარებლობის გამო), 118 (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება რელიგიური შუწყნარებლობის გამო), 126 ( ძალადობა რელიგიური შეუწყნარებლობის გამო) და 142 (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა)  მუხლებით ბრალის წაყენება და დანაშაულის კვალიფიკაცია სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. 
 
საია მოუწოდებს პროკურატურას, აწარმოოს სრულფასოვანი, ობიექტური და დროული გამოძიება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
 
საკითხის მაღალი სენსიტიურობისა და იმის გათვალისწინებით, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლებაა, საია აქტიურად დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობას.