სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ცესკოს ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს

2010-05-28 09:59
Featured image
ტელეკომპანიების "იმედი" და "რუსთავი 2" 2010 წლის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაზისუბნის მე-8 პოლკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატი _ ზურაბ გაჩეჩილაძე 2010 წლის 9 მაისს ესწრებოდა ქ. თბილისის წულუკიძის ქუჩაზე გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალს. სიუჟეტის თანახმად, იგი თავად იყო ტურნირის ორგანიზატორი. ასევე, ამავე ტურნირზე გამარჯვებულ პირებს პრიზის სახით გადაეცათ 500 ლარი.

ასევე, ტელეკომპანიების "იმედი" და "რუსთავი 2" 2010 წლის 23 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად, საბურთალოს რაიონში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, ბუკიას ბაჟში დაამონტაჟა ეკრანი და ფეხბურთის მოყვარულებს შესთავაზა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ტრანსლაცია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ, როგორც ნებისმიერი ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათ გადაცემა, მიუხედავად ღირებულებისა, ასევე, ამგვარი ქმედების განხორციელება სხვა პირების მეშვეობით.
საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, წარმოადგენს აკრძალულ ქმედებას და იგი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, მიუხედავად იმისა, სუბიექტი ამ ქმედებას ახორციელებდა უშუალოდ თუ თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით, ასევე იმისდა მიუხედავად, რამდენად მაღალი იყო გადაცემული ნივთების ღირებულება.

მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული კანდიდატების ზემოაღნიშნული ქმედებები წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას და მათი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ზემოაღნიშნული ფაქტების შესწავლა. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი, სასამართლოსათვის მიმართვა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.