სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ცესკოს ქ. თბილისის მერობის კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს

2010-05-26 12:19
Featured image
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა).”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ქ. თბილისის მერობის კანდიდატების, ირაკლი ალასანიასა და ზვიად ძიძიგურის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას, რაც გამოიხატა შემდეგში:

1. საინფორმაციო სააგენტოს “ინტერპრესნიუსი”, ტელეკომპანიების "კავკასია", "იმედი" და "რუსთავი 2" საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერების მიხედვით, 2010 წლის 21 მაისს, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სასწავლო ცენტრში "ვიციპედია" ესწრებოდა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიალს, როდესაც ფონდის “მომავალს ვქმნით დღეს” დირექტორმა გამარჯვებულ ბავშვებს პორტატული კომპიუტერები, აიპოდები და წიგნები გადასცა. ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს” ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებულ ფონდს წარმოადგენს და ბიზნესმენების შემოწირულობებით ფუნქციონირებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიას პირადად არ გადაუცია გამარჯვებული ბავშვებისთვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთები, ეს განხორციელდა მის პარტიასთან არსებული ფონდის მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.

2. 2010 წლის 9 მაისს, ტელეკომპანიის რუსთავი 2 მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მიუხედავად გადაცემული საჩუქრის სიმბოლური ხასიათისა, ზვიად ძიძიგურის ქმედება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრის გადაცემას, მიუხედავად მათი ღირებულებისა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით მიმართავს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მითითებული ფაქტების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს.