სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის დაკითხვის ფაქტს ეხმაურება

2013-01-15 04:38
Featured image
2013 წლის 14 იანვარს მედიაში გავრცელდა ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის განცხადება, რომელშიც ის საუბრობს მოწმის სახით დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხნენ 2013 წლის 8 იანვარს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში. ასევე ცნობილია, რომ არასრულწლოვანი (16 წლის) ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას ესწრებოდა მშობელი ვალერიან გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილი თავის განცხადებაში საუბრობდა როგორც მის მიმართ ისე მისი ძმის ლაშა გოჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაზე. 
 
საია დამატებით დაუკავშირდა ბექა გოჩიაშვილის მამას, რომელმაც საია-სთან საუბარში დაადასტურა ბექა გოჩიაშვილის მიერ განცხადებაში დაფიქსირებული ზეწოლის ფაქტები. მან ასევე აღნიშნა, რომ დაკითხვისას ბექას მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა „ციხეში ჩასმისა“ და „ცხოვრების გამწარების“ მუქარაში. ლაშა გოჩიაშვილის მიმართ კი დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარა. 
 
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, დღეს, 15 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო შიდა მოკვლევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.  განცხადების თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. საია მიესალმება შსს-ს რეაგირებას და მოუწოდებს მას, რომ დროულად და ობიექტურად წარმართოს საქმის შესწავლასთან დაკავშირებული პროცედურები. მოკვლევის პარალელურად კი საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
 
ბოლოს გვსურს აღვნიშნოთ, რომ საია ზოგადად პრობლემურად მიიჩნევს გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის არსებულ მოდელს და თვლის, რომ ამ პროცესის გაჯანსაღებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწმის დაკითხვის ახალი წესის დროული ამოქმედება, რაც გადადებულია 2013 წლის 1 დეკემბრამდე. ახალი წესის ამოქმედება, რომლის შემდეგაც მოწმის მიერ ჩვენების მიცემა მოხდება მხოლოდ მოსამართლის წინაშე, უზრუნველყოფს მოწმეთა დაცულობისა და ამ პროცესზე ზედამხედველობის ხარისხის არსებითად გაზრდას.