სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

2015-07-08 16:52
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს. 

გავრცელებული ინფორაციით 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმარს გამომძიებელი შეხვდა.  საქმე სსკ 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ამ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ ყველა სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოძიება. ამ მიზნით, სასურველია, გამოძიება იმთავითვე აწარმოოს არა იმ უწყებამ, სადაც ჩადენილია სავარაუდო დანაშაული (სასჯელაღსრულების სისტემა), არამედ მისგან დამოუკიდებელმა უწყებამ (პროკურატურამ), რათა სრულად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის რისკი. 
 
ამასთან, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დაუყოვნებლივ უნდა ცნოს  გარდაცვლილი პიროვნების ახლო ნათესავი, რათა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება, სიღრმისეულად იყოს ინფორმირებული და ადევნოს თვალი ძიების მიმდინარეობას. ამავე დროს აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა გაატარონ მსგავს ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების შედეგების შესახებ საზოგადოების სისტემატური და პროაქტიული ინფორმირების პოლიტიკა. 
 
იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა არა დანაშაულს, არამედ თვითმკვლელობას პატიმრის მხრიდან, მნიშვნელოვანია ყველა ასეთი საქმე დეტალურად იქნეს გაანალიზებული და შესწავლილი რათა პასუხი გაეცეს კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარი ტრაგედიის პრევენცია. 
 
საია მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდულობით მოხდეს აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის შეფასება როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე გარე დამკვირვებლების მხრიდან.