სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამოძიებას მოითხოვს

2012-12-28 03:12
Featured image

დღეს საია-მ საქართველოს მთავარ პროკურორთან განცხადება წარადგინა და 2009 წლის 15 ივნისს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე დამოუკიდებელი, ეფექტური და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

2009 წლის 15 ივნისს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში მიმდინარე აქციის პოლიციური ძალის გამოყენებით დაშლა იყო საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შელახვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონიერი საფუძველი, სამართალდამცავები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე იქ მყოფ ჟურნალისტებს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და უბრალოდ გამვლელ მოსახლეობას, მაშინ როცა, აქციის დაშლის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ არ არსებობდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების არავითარი საჭიროება.

საია-ს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ დაწყებულა გამოძიება სამართალდამცავების მიერ 2009 წლის 15 ივნისს ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე. უფრო მეტიც, თბილისის პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2009 წლის 16 ივნისს წინასწარი გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივი წესრიგს და მასში აქტიური მონაწილება. საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლით გამოძიების დაწყება, 2009 წლის 15 ივნისს მომხდარი მოვლენების არასწორი კვალიფიკაციაა და დაუშვებელია ამ სახის გამოძიებას მსვლელობა მიეცეს. პოლიციის ფორმაში გამოწყობილ პირებთან ერთად, აქციის დაშლაში მონაწილებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რაც ასევე უნდა გახდეს გამოძიების საგანი.  

საია, როგორც 2009 წლის 15 ივნისს დაზარალებული ათობით პირის წარმომადგენელი ითხოვს, ზედმეტი დაყოვნების გარეშე დაიწყოს გამოძიება ზემოათაღნიშნულ ფაქტზე და ამ მიზნით აწვდის საქართველოს მთავარ პროკურატურას მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო მასალასა და მტკიცებულებებს, რომელიც მოიცავს დაზარალებულთა ახსნა-განმარტებებს, სამედიცინო დოკუმენტაციასა და ფოტო და ვიდეო მასალას.

ვიმედოვნებთ, რომ ჩატარებული გამოძიება იქნება დროული, ეფექტური და ობიექტური.