სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო პორტალის www.electionsportal.ge - ს პრეზენტაცია

2013-10-02 08:36
Featured image

დღეს, 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და „ჯამპსტარტ ჯორჯიამ“ საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია გამართეს.

ElectionsPortal.ge არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შექმნილი ვებგვერდია, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას აწვდის მრავლისმომცველ და კომპლექსურ ინფორმაციას არჩევნების შესახებ საქართველოში. დარღვევების რუკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს სამი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ონლაინ და თავადვე გამოაქვეყნოს მის მიერ დაფიქსირებული ინციდენტები ელექტრონულად და უფასო SMS-ის გამოგზავნის საშუალებით ნომერზე 90039.

Data.ElectionsPortal.ge-ის მეშვეობით კი, შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებგვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს.