სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ სცნო

2012-04-10 12:19
Featured image

2012 წლის 5 აპრილს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილში ედებოდა, კერძოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელგუჯა კავლელიშვილი პროფესიით მძღოლია. პატრულის თანამშრომელს მისი მართვის მოწმობის შემოწმებისას გაუჩნდა ეჭვი, რომ მოწმობა ყალბი იყო, რადგან საპატრულო პოლიციის ერთიან ბაზაში კავლელიშვილის მართვის მოწმობა არ აღმოჩნდა რეგისტრირებული. ყოველივე ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ 1994 წელს გაცემული მართვის მოწმობის მონაცემები მომსახურების სააგენტოში არსებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა. სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცებით, ელგუჯა კავლელიშვილმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან შეიძინა „BCD“ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელიც მან 2011 წლის 15 დეკემბერს გარდაბნის რაიონში, ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო გზის მე-13 კმ/ზე, შემოწმებისას პატრულ ინსპექტორს წარუდგინა.

ბრალდებული კავლელიშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავდა. დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილის უდანაშაულობას, რის შედეგადაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მოქალაქე კავლელიშვილი წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.