სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“

2012-05-11 11:46
Featured image

 

დღეს საასტუმრო „რედისონში“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“. საიას მიერ მომზადებული კვლევა, ოთხი კონრეტული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება.  ქ. თბილისის მაგალითზე, ესენია: ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული - „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“ და  „თბილისის განვითარების ფონდი“. ბათუმის შემთხვევაში - ქ. ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული  „ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდი“, ხოლო ქუთაისის შემთხვევაში - ქ. ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული „ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“.

კვლევის ობიექტებთან მიმართებაში საიას ინტერესის სფეროს ხუთი ძირითადი კომპონენტი წარმოადგენდა:

რა უფლებამოსილებებს ანიჭებდნენ დამფუძნებლები მათ მიერვე დაფუძნებულ ფონდებს;

მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, რა ფინანსურ და ქონებრივ შენატანებს გადასცემდნენ;

რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან მიღებული ფინანსების ხარჯვა და არსებობდა თუ არა ფონდების მიერ გახარჯული ფინანსების შესახებ შესაბამისი ხელმისაწვდომი  ინფორმაცია;

 

როგორ იყენებდნენ დამფუძნებლის მიერ გადაცემულ უძრავ ქონებას ფონდები და ხომ არ ხდებოდა ამ უძრავი ქონების გასხვისება. ხოლო, გასხვისების შემთხვევაში, როგორ და რა ფორმით ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი;

 

რამდენად მაღალი იყო ფონდების ანგარიშვალდებულების ხარისხი დამფუძნებლების წინაშე და როგორ ასრულებდნენ ამ ვალდებულებას.

კვლევაზე მუშაობის დროს გამოვლინდა, რომ დამფუძნებლების მიერ ფონდებისთვის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებები იდენტური შინაარსისაა.  ამასთან:

თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების შემთხვევაში შეუძლებელია ქ. თბილისის 2005-2011 წლების ბიუჯეტებიდან ფონდებისთვის გადაცემული თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა.

რეაბილიტაციის პროცესი გაუმჭვირვალედ და საზოგადოებისგან იზოლირებულად მიმდინარეობდა. ფონდები დამოუკიდებლად წყვეტდნენ, როგორ და რა პრინციპით შეერჩიათ კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო კომპანია.

წლების განამავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ფონდისთვის გადაცემული თანხების ჯამი 288 მილიონ ლარს აჭარაბებს და ამ თანხების ხარჯვა მოკლებულია გამჭვირვალობას.

რიყის ტერიტირიის ჯერ გასხვისებითა და შემდეგ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებით უკან გამოსყიდვით, ჯამში თბილისის ბიუჯეტმა 15 მილიონ ლარზე მეტი იზარალა.

ბათუმის და ქუთაისის მერიების მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ არ ხდებოდა გაწეული საქმიანობის შესახებ დამფუძნებლებისთვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენა.

საია მოუწოდებს ქ. თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის მიერ წლების განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ხარჯვასთან და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ქონების შემდგომ გასხვისებასთან; ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს ფონდების მიერ წლების განმავლობაში, დამფუძნებლისთვის, ფონდის საქმიანობის შესახებ წარდგენილი ანგარიშები. ხოლო ქ. ბათუმის და ქუთაისის მერიებმა ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია ქალაქების ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია აღდგენის პროცესში „ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების“ და „ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ მონაწილეობის შესახებ.

საია მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ქალაქების ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოები და ამ პროცესში კვლევის ობიექტი ფონდებისა და მათი დამფუძნებლების მონაწილეობა, აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებების ინტერესის საგანი.