სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქმედუუნარობის არსებულ მოდელს საია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

2011-06-14 09:49
Featured image

რა თქმა უნდა გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირები, ყველა შემთხვევაში, ვერ მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ისინი საკმაოდ მოწყვლადნი არიან და დამოუკიდებელად მოქმედების შემთხვევაში შესაძლოა მანიპულაციის ობიექტები გახდნენ. ისინი თავისთავად საჭიროებენ დამხმარეებს, გარეშე ადამიანებს, რომელებიც დაეხმარებიან გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებს, ვითარების ადეკვატურ აღქმაში და ნების გამოხატვაში. ეს მიდგომა შორს დგას მეურვეობის არსებული მოდელისაგან, რომელიც ითვალისწინებს არა ქმედუუნარო პირის დახმარებას ნების გამოხატვაში, არამედ მათი ნების ჩანაცვლებას.

საქართველოში ქმედუუნარობის დასადგენად ექსპერტები ახდნენ ზოგადი ხასიათის შეფასებას ნაცვლად კონკრეტული რომელიმე ქმედების (ნივთის ყიდვა, გაყიდვა, თხოვება, ჩუქება, ოჯახის შექმნა) მნიშვნელობის გაცნობიერების შეფასებისა.

შესაბამისად ქმედუუნარობის არსებული ინსტიტუტი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უნარების შეფასების გარეშე, ახდენს ყველა სახის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული ინსტიტუციური ქმედუუნარობის მიდგომა უარყოფილია როგორც ევროპის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და ჩანაცვლებულია ფუნქციური ქმედუუნარობით. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, ადამიანის ყველა უნარის ინდივიდუალურ შეფასებას და ქმედუუნარობის შეზღუდვას ცხოვრების მხოლოდ იმ სფეროში, სადაც ადამიანს არა აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

საია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს სამოქალაქო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც არღვევენ ქმედუუნარო პირების კონსტიტუციურ უფლებებს და ნაცვლად ფუნქციური მიდგომისა ინსტიტუციურ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას.