სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული პირების მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

2017-06-10 12:54
Featured image

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული 5 პირი სამართალდამრღვევებად არ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა. მათგან 4 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

მათი დაკავება მოხდა საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც 2017 წლის 10 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა.

საპატრულო პოლიციის მტკიცებით, დაკავებულმა პირებმა ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, მიუხედავად სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა, პოლიციამ ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლითაც სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურდებოდა.

შედეგად, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების და ადვოკატების მოსაზრებები და მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის არარსებობის გამო.