სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“

2013-05-17 07:20
Featured image

2013 წლის 17 მაისს გაიმართა მრგვალი მაგიდა „არასათანადო მოპყრობა - ძველი და ახალი გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში.

პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ერთ-ერთი მიმართულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებაა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში  საიას სამი წარმომადგენელი  მონაწილეობდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2012 წლისა და 2013 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებულ მონიტორინგში. საიას წარმომადგენლები ასევე იყვნენ ჩართულები პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2012 წლის სექტემბრის საგენგებო მონიტორინგში. მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლას.

მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა, ჯგუფმა ასევე შეისწავლა ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალო კავშირში შეიძლება აღმოჩნდეს არასათანადო მოპყრობასთან. ესენია: პატიმრობის პირობები, დისციპლინა და დასჯა და კონტაქტი გარე სამყაროსთან.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგმა და განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არასათანადო მოპყრობა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 2012 წლის მდგომარეობით სხვა პრობლემურ საკითხებად გამოიკვეთა ასევე   არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიება, დისციპლინური დასჯის ფორმების გამოყენების  არაერთგვაროვანი პრაქტიკა, არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობები.

რაც შეეხება დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას, პრობლემურ საკითხებს მიეკუთვნება საკანთა ვენტილაცია, გათბობა, განათება, თითოეულ პატიმარზე გამოყოფილი ფართი და კვება. 

მრგვალი მაგიდის მიზანი იყო, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2012 წლის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია და დისკუსია, ასევე არსებული მდგომარეობისა  და ახალი გამოწვევების შეფასება.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები

პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ.