სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველად პროექტთან დაკავშირებით

2011-09-13 07:23
Featured image

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა’’ აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. 30 ივნისს ორგანიზაციებმა გამოვხატეთ მკვეთრი პოზიცია რვა პარტიის მიერ შეთანხმებულ საკითხებთან დაკავშირებით, შევაფასეთ რა ისინი როგორც არასაკმარისი საარჩევნო გარემოს რეალური გაჯანსაღებისათვის ქვეყანაში.

1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვესწრებოდით საქართველოს პარლამენტში სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვერას, რომლის დროსაც განიხილებოდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. მიგვაჩნია, რომ რვა პოლიტიკურ პარტიას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე სარედაქციო ჯგუფის მიერ შეხვედრაზე განხილული შეთანხმების საკანონმდებლო ფორმულირებები საჭიროებს მნიშვნელოვან დამუშავებას. მათი სრულყოფის შემთხვევაშიც, არასაკმარისად მივიჩნევთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის შემოფარგვლას მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებზე მსჯელობით, მათი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტში ფორმულირების მიღმა დარჩენილი იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და მისი საქმიანობის წესი, მედია მონიტორინგი. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში 19 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. აღნიშნული ორგანიზაციები შევეცადეთ წვლილის შეტანას ცალკეული ნორმების დახვეწაში. ქვემოთ წარმოგიდგენთ საარჩევნო კოდექსის ცალკეული ნორმების ახლებურ ფორმულირებაში ჩვენს მიერ იდეტიფიცირებულ პრობლემებს, ასევე, მათი გამოსწორების შესაძლო გზებს. მზად ვართ განვიხილოთ ჩვენს მიერ მომზადებული რეკომენდაციები მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საკანონმდებლო ფორმულირებებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის.